skip to content
ახალი ამბები

ცესკო: 20%-ია ამომრჩეველთა აქტივობა 12 საათისთვის

დღის 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ მთელი საქართველოს მასშტაბით 20% შეადგინა, განაცხადა ცესკო-მ.

კომისიის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებული  3 544 770 ამომრჩევლიდან 706 375 ადამიანი მივიდა უკვე საარჩევნო უბნებზე.

აქედან 188 686 ამომრჩეველმა თბილისის უბნებში მისცა ხმა, რაც დედაქალაქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (981 505) 19.22%-ია.

იმავდროულად, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება იტყობინება, რომ იმ საარჩევნო უბნების 17%, სადაც ის მონიტორინგს ახორციელებს, დროულად, ანუ დილის 8 საათზე არ გახსნილა. თუმცა, ცესკომ უარყო ეს და განაცხადა, რომ ყველა 3 694 საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა.

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელიც 1 100 საარჩევნო უბანზე ახორციელებს მონიტორინგს, ასევე განაცხადა, რომ ”საარჩევნო უბანთა 3% არ იყო შესაბამისად მომზადებული კენჭისყრისთვის და აკლდა საარჩევნო მასალები”. ადგილობრივი დროით 10 საათისთვის ორგანიზაციამ ხუთი საჩივარი შეიტანა საარჩევნო ადმინისტრაციაში. 

ცესკო-მ განაცხადა, რომ რამოდენიმე საარჩევნო უბანზე ტექნიკური პრობლემები დაფიქსირდა, თუმცა ყველა მათგანი მოგვარებულია.

ცესკოს ინფორმაციით, წალკის ერთ-ერთ უბანზე მაჟორიტარული არჩევნები ჩაიშალა, ვინაიდან მაჟორიტარული ბიულეტენები ამ უბანზე ”ტექნიკური ხარვეზის” გამო არასწორად იქნა მიტანილი. შესაბამისად, ამ უბანზე მხოლოდ პროპორციული არჩევნები მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

 

This post is also available in: English Русский

Back to top button