ახალი ამბები

საქართველოსა და ირანს შორის უვიზო რეჟიმის შემოღება იგეგმება

ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე პოლიტიკური განაცხადი უკვე დეკლარირებულია როგორც ქართული, ისე ირანული მხრიდან და ახლა ამ საკითხზე ”ტექნიკური, შიდაუწყებრივი სამუშაოები მიმდინარეობს,” განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 24 მაისს.

მისი თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებების პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც დოკუმენტი სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში შიდა პროცედურებს გაივლის.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა რამინ მეჰმან-ფარასტმა გასულ კვირას თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ორი ქვეყანა სავიზო რეჟიმის გაუქმებას აპირებს.

”ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივესალმებით იმდენად, რამდენადაც ეს არის ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის,” – განუცხადა კალანდაძემ ჟურნალისტებს 24 მაისს, ”ამავდროულად, ეს არა მხოლოდ ეკონომიკური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყნებს, ცალკეული მოქალაქეებისთვისაც, სავაჭრო თვალსაზრისით, ეს შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო”. 

”ბუნებრივია, ეს არ გულისხმობს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ვექტორის გადახრას და მითუმეტეს, არ მოდის წინააღმდეგობაში საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან, რომელიც არის ევროკავშირთან ინტეგრაცია, მასთან სავიზო რეჟიმის გამარტივება და ნატოში გაწევრიანება. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე და ასევე ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა გზის გახსნა გვსურს,” – განაცხადა მან. 

კალანდაძემ ასევე აღნიშნა, რომ ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღება ”საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე უარყოფითად არ აისახება”. 

”ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ყველა სახელმწიფოსთან, რომელიც იცავს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ასევე კეთილმეზობლური ურთიერთობები გვსურს რეგიონში ყველა სახელმწიფოსთან,” – განაცხადა მან. 

”ირანი არის ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო რეგიონში. ამავდროულად, ჩვენ გვყავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენ მათთან მუდმივ დიალოგში ვიმყოფებით და არ მივიჩნევთ, რომ ეს გადაწყვეტილება რაიმე სახის პრობლემებს შექმნის,” – დასძინა კალანდაძემ.

მისი თქმით, ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის საქართველოში ვიზიტის ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი.  ”ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, საერთოდ როგორ განხორციელდება ეს ვიზიტი,” – განაცხადა კალანდაძემ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button