skip to content
ახალი ამბები

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ ადგილობრივ არჩევნებზე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საქმიანობა დღემდე ”გამჭირვალე და ყოვლისმომცველი” იყო, ნათქვამია ადგილობრივი არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ 7 მაისს გამოქვეყნებულ პირველ შუალედურ ანგარიშში.

 

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის (ODIHR) შუალედური ანგარიში 16 აპრილიდან 3 მაისამდე პერიოდს მოიცავს. OSCE/ODIHR-მა სადამკვირვებლო მისია საქართველოში აპრილში განათავსა.

 

ცესკოს-სთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ ის რეგულარულად და დროულად აცნობებს დამკვირვებლებს მისი მომდევნო სხდომების შესახებ. ”თუმცა ცესკო ასევე ატარებს არაოფიციალურ შეხვედრებს, სადაც დამკვირვებლებს, როგორც წესი, არ იწვევენ,” – ნათქვამია ანგარიშში. 

 

დოკუმენტის თანახმად, პოლიტიკური გარემო ”პოლარიზებული” რჩება და არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებისადმი ნდობა დაბალია.

 

”თუმცა ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ OSCE/ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიასთან გამოხატა ფრთხილი მოწონება ცესკო-ს თავმჯდომარის [ზურაბ ხარატიშვილის] მიმართ მისი პირდაპირობისა და გამჭვირვალობისთვის,” – ნათქვამია ანგარიშში.

 

დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად ”მნიშვნელოვანი ხარვეზებისა,” საარჩევნო კოდექსი ”ზოგადად ხელს უწყობს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას”.

 

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ თავიანთ ”აქტიურ” საარჩევნო კამპანიაში პოლიტიკური პარტიები ძირითადად თბილისზე ახდენენ ყურადღების კონცენტრირებას. ანგარიშის თანახმად, ნაციონალური მოძრაობა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა სხვებზე აქტიურ კამპანიას ახორციელებენ დედაქალაქის გარეთ.

”ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის განცხადებით ადგილი აქვს დარღვევებს, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის, ასევე ოფიციალური პირების მიერ კამპანიის წარმოებას და მათი აქტივისტებისა და კანდიდატების დაშინებას,”- აცხადებს სადამკვირვებლო მისია.

 

მედიასთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ ”მედია პოლიტიკური ნიშნითაა დაყოფილი”.

 

”მხოლოდ ოთხმა მედია საშულებამ [მითითებული არ არის] მოახერხა გაეტარებინა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. საერთაშორისო და ადგილობრივი მედია ორგანიზაციები ბრალს სდებენ მთავრობის ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სარედაქციო და პროგრამულ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენაში აღმასრულებელ მედია მფლობელებისა და აღმასრულებელ თანამდებობაზე მყოფ პირებთან პირადი კავშირების საშუალებით,” – ნათქვამია ანგარიშში.

 

OSCE/ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ რვა ტელეარხის (საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხები; ”რუსთავი 2”; ”იმედი”;”კავკასია”; ”მაესტრო”; ”რეალ TV” და ”აჭარა”) და ორი ყოველდღიური გაზეთის, ”რეზონანისა” და ”24 საათის” მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონიტორინგის განხორციელება დაიწყო. ანგარიშში ნათქვამია, რომ რამდენიმე პარტია უკმაყოფილებას გამოთქვამდა სატელევიზიო ფასიანი რეკლამის მაღალ ტარიფებთან დაკავშირებით.

 

თბილისის მერობის კანდიდატები აქტიურად იყენებენ კანონის მიხედვით გამოყოფილ  უფასო სარეკლამო საეთერო დროს. 

 

საანგარიშო პერიოდში მხოლოდ სამმა კანდიდატმა იყიდა საეთერო დრო – გიგი უგულავამ ”რუსთავი 2”-ზე და ”იმედზე”, სადაც პოლიტიკური რეკლამების ფასები დაახლოებით ათჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი კომერციული რეკლამების ფასები; ირაკლი ალასანიამ, რომელმაც საეთერო დრო იყიდა ”კავკასიაზე” და ზურაბ ნოღაიდელის პარტიამ მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის – ”კავკასიასა” და ”მაესტროზე”. პოლიტიკური რეკლამების ფასები ამ ორ ტელეკომპანიაში, რომლებიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობენ, ნაციონალურ არხებთან შედარებით გაცილებით დაბალია.  

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ”ისევე როგორც ეროვნული და რეგიონული მაუწყებლები მუდმივად გადმოსცემდნენ თოქ შოუებსა და დებატებს კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, რაც კანდიდატებს აზრთა ურთიერთგაზიარების საშუალებას აძლევს”.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button