ახალი ამბები

მომიტინგეებისა და პოლიციის შეტაკებისას რამოდენიმე ადამიანი დაშავდა

პოლიციამ გადაკეტა შსს-ს შენობისკენ მიმავალი საავტომობილო გზა. აქციის მონაწილეები შეეცადნენ ესარგებლათ შემოვლითი სარკინიგზო გზით, რომელიც ასევე ბლოკირებული იყო პოლიციის მიერ. ფოტო: ინტერპრესნიუსი


რამოდენიმე პოლიციელი და მომიტინგე დაშავდა 6 მაისს, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი შეტაკების დროს, როდესაც ოპოზიციური აქტივისტების და ლიდერების ჯგუფი შეეცადა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისკენ გაეკვლია გზა, სადაც საპოლიციო ძალები აღლუმით აღნიშნავდნენ ახლად დაწესებულ პოლიციის დღეს. 

3 მაისს ოპოზიციურმა ჯგუფებმა, მათ შორის ლევან გაჩეჩილაძის საზოგადოებრივმა მოძრაობამ დაიცავი საქართველო, ეროვნულმა საბჭომ და ნინო ბურჯანაძის პარტიამ დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო განაცხადეს, რომ 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავდნენ. 

მათი თქმით, პირველი მიზეზი ის არის, რომ 6 მაისი გიორგობაა, ხოლო მეორე მიზეზი ისაა, რომ 6 მაისს გადის ერთი წელი მას შემდეგ, რაც თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ათობით მომიტინგე, მათ შორის რამოდენიმე ოპოზიციის ლიდერი, დაშავდა პოლიციის მიერ არალეტალური იარაღის გამოყენების შედეგად.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 5 მაისს, რომ სამინისტროს შენობისკენ მიმავალი გზები აღლუმთან დაკავშირებით ჩაიკეტებოდა.

6 მაისს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ აღლუმი მიმდინარეობდა პრეზიდენტ სააკაშვილის, ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების და უცხოელი დიპლომატების თანდასწრებით, ოპოზიციის რამოდენიმე ასეული აქტივისტი სამინისტროსკენ დაიძრა, თუმცა გზები სპეცრაზმელებს ჰქონდათ ჩაკეტილი.

შეტაკება რკინიგზაზე მაშინ მოხდა, როდესაც მომიტინგეები შეეცადნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი. ტელევიზიით გადაიცა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ესვრიან ქვებს მომიტინგეები პოლიციელებს. სულ ცოტა სამი მომიტინგე იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში.

შსს-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რამოდენიმე პოლიციელს ქვები დაუშინეს, თუმცა მათ სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ.

6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებამ პროტესტი გამოიწვია სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც, თუმცა ბევრმა მათგანმა უარი თქვა აქციაში მონაწილეობაზე.

ალიანსმა საქართველოსთვის განაცხადა 5 მაისს გაკეთებულ განცხადებაში, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო ”უპასუხისმგებლო და გამომწვევი ნაბიჯი”. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო: ”მოვუწოდებთ  ყველას,  არ წამოვეგოთ დაგეგმილ პროვოკაციას და მტკიცედ დავიცვათ ის მშვიდობიანი გზა, რომელიც მიგვიყვანს ხალხის მიერ ხელისუფლების არჩვნებით შეცვლამდე”.

”6 მაისის აღნიშვნა პოლიციური აღლუმით კი აშკარად არის ამომრჩევლის დაშინების მცდელობა,” – ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.

ნინო ბურჯანაძის პარტიამ დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო, რომელიც 6 მაისის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია, აღნიშნა განცხადებაში, რომ  ”სააკაშვილისა და მერაბიშვილის პირადმა პოლიციამ საკუთარ მშვიდობიან მოქალაქეებს ”სისხლიანი გიორგობა“ მოუწყო”.

”დღევანდელი აღლუმით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის პოლიცია, ისევე როგორც ჯარი არა სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანეს ატრიბუტს, არამედ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს წარმოადგენს,” – ნათქვამია ბურჯანაძის პარტიის განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button