
პირველი კვარტლის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა
2010 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1,36 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 15%-ით მეტია, ნათქვამია საქსტატის მიერ 23 აპრილს გავრცელებულ მონაცემებში.
პირველ კვარტალში ექსპორტი 339 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელზე 55% მეტი, ხოლო იმპორტი – 1,02 მილიარდი აშშ დოლარი იყო – 6%-ით მეტი.
უარყოფითი სავაჭრო ბალანსი პირველ კვარტალში 681 მილიონი აშშ დოლარია, რაც შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელზე 9%-ით ნაკლებია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორად კვლავ თურქეთი რჩება, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ პირველ კვარტალში 212 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
მას მოსდევს აზერბაიჯანი 137 მილიონი აშშ დოლარით; უკრაინა – 127 მილიონი აშშ დოლარი; რუსეთი 73,3 მლნ.; გერმანია 73,22 მლნ.; შეერთებული შტატები – 71,85 მლნ.; ჩინეთი – 71,5 მლნ.; ბულგარეთი – 42,6 მლნ.; სომხეთი – 40,6 მლნ.; არაბთა გაერთიანებული საამიროები – 39,44 მლნ.
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი კვლავაც ფეროშენადნობებია – 57 მლნ. აშშ დოლარი პირველ კვარტალში, ხოლო უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლე ჯგუფის სათავეში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტებია – 119 მლნ. აშშ დოლარი.
24 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობამ გადახედა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის თავდაპირველ საპროგნოზო მაჩვენებელს და ახლა ის 2%-იანი ზრდის მაგივრად, 2010 წელს 3%-დან 5%-მდე ზრდას ელოდება.
This post is also available in: English Русский