ახალი ამბები

თბილისი PACE-ს თანამომხსენებელს ”მიკერძოებული პოზიციის” გამო აკრიტიკებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელს დევიდ ვილშაერს ”გააჩნია წინასწარ ჩამოყალიბებული მიკერძოებული პოზიცია” რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული რეზოლუციების იმპლემენტაციის საკითხებზე, რასაც მოწმობს მის მიერ გამართული შეხვედრა მოსკოვში "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ. საელჩოში".

ამის შესახებ საუბარია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, სადაც ”მტკიცე პროტესტია” გამოთქმული დევიდ ვილშაერსა და ბორის ჩოჩიევს, პოსტ-კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირების საკითხებში სამხრეთ ოსეთის ლიდერის წარმომადგენელს შორის 20 აპრილს, მოსკოვში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საელჩოში გამართული შეხვედრის გამო. 

აღნიშნული პოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ 22 აპრილს საქართველოში აკრედიტებულ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ელჩებსა და ელჩის მოვალეობის შემსრულებლებს შეხვედრაზეც გააცნო.

”საქართველო გამოხატავს სრულ პატივისცემას პარლამენტარის თავისუფლების მიმართ, თუმცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ბ-ნი ვილშაერი, მოქმედებდა ასამბლეის თანამომხსენებლის სტატუსით და შესაბამისად წარმოადგენდა მთელ ორგანიზაციას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შეხვედრა გამართა მარიონეტული რეჟიმების "საელჩოს" შენობაში,”- ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების 22 აპრილის განცხადებაში.

თბილისი მოუწოდებს ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობას ამ ნაბიჯის დაგმობისკენ.
 
”აღნიშნული ქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის მთავარ პრინციპებს, ანუ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს და inter alia ხელყოფს ევროპის საბჭოს სტატუტს, ისევე როგორც საპარლამენტო ასამბლეის ყველა იმ რეზოლუციას, რომლის შესრულების შეფასებაც დავალებული ჰქონდა ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს,” – ნათქვამია განცხადებაში, ”ამასთან, ეს წარმოადგენს ევროპის საბჭოსა და მისი წევრი სახელმწიფოების პოზიციის იგნორირებას, რომლებმაც დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარება და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას ამ უკანონო და ცალმხრივი აღიარების გაუქმებისკენ”. 

”უფრო მეტიც, ეს მოწმობს, რომ ბ-ნ ვილშაიერს გააჩნია წინასწარ ჩამოყალიბებული მიკერძოებული პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციების იმპლემენტაციას,”- აცხადებს საგარეო უწყება.

PACE-ს მომხსენებლები დევიდ ვილშაერი და მათიას ეორში საქართველოსა და რუსეთს საგაზაფხულო სესიის წინ სტუმრობდნენ, რათა მოამზადონ რეზოლუციის პროექტი ასამბლეის მიერ საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების შესრულების თაობაზე. 

PACE-მ სამი რეზოლუცია მიიღო ომის შედეგებთან დაკავშირებით. შარშან სექტემბერში მიღებული ბოლო რეზოლუცია მოუწოდებდა რუსეთს 2009 წლის ბოლომდე შეესრულებინა ასამბლეის 2009 წლის იანვრის და 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციებით დაკისრებული ვალდებულებები.

PACE-ს საგაზაფხულო სესიის 28 აპრილის დღის წესრიგის პროექტში ასევე შედის ჰეიდი ტალიავინის განცხადება. სწორედ ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ფაქტების დამდგენ მისიას, რომელმაც 2009 წლის სექტემბერში აგვისტოს ომის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

This post is also available in: English Русский

Back to top button