ახალი ამბები

ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი სეპარატისტულ რეგიონებში

ნიკარაგუას დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის სამუელ სანტოს ლოპესის ხელმძღვანელობით სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში იმყოფება, საიდანაც აფხაზეთში გამგზავრება იგეგმება.

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების ვებ-გვერდის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა შეთანხმება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, რომელსაც ნიკარაგუას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, მურატ ჯიოევმა 14 აპრილს მოაწერეს ხელი. 

ნიკარაგუამ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა რუსეთის შემდეგ აღიარა 2008 წლის აგვისტოს ომიდან ერთ თვეში. ამ ნაბიჯის საპასუხოდ საქართველომ ნიკარაგუასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა მას შემდეგ კიდევ ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს.

”მე მესმის, რომ მსოფლიო იმპერიალისტური ძალების წინააღმდეგ სვლა ადვილი არ იყო ნიკარაგუასთვის,”- განაცხადა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტმა ლიდერმა, ედუარდ კოკოითმა ცხინვალში ნიკარაგუას დელეგაციასთან შეხვედრისას.

ნიკარაგუას საგარეო უწყების ცნობით, სამუელ სანტოს ლოპესი სოხუმში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს და საგარეო საქმეთა მინისტრს მაქსიმ ღვინჯიას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button