ახალი ამბები

ქრისტიან-დემოკრატებმა სატელეფონო ჩანაწერებზე საპარლამენტო გამოძიება ოფიციალურად მოითხოვეს

ქრისტიან-დემოკრატიულმა ფრაქციამ ოფიციალური მსვლელობა მისცა ინიციატივას, რომ პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც დაადგენს ”იმედის” მოდელირებულ რეპორტაჟთან დაკავშირებით გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერების ავთენტურობას.

დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქციიდან, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ შესაბამისი განაცხადი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტმა დაარეგისტრირა. კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზე პარლამენტის ბიურო, შემდეგ კი პლენარული სხდომა იმსჯელებს.

ქრისტიან-დემოკრატებმა საგამოძიებო კომისიის შექმნა 16 მარტს მას შემდეგ მოითხოვეს, რაც გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი ”იმედის” დირექტორს გიორგი არველაძესა და მის მოადგილეს შორის. საუბარში არველაძის ხმა ამბობს, რომ ”მიშას” სურვილი იყო, რომ რეპორტაჟი გამაფრთხილებელი ტიტრის და ასევე, სიუჟეტის გაშვებამდე გაფრთხილების გარეშე გასულიყო. არველაძემ გავრცელებულ ჩანაწერს ”ფაბრიკაცია” უწოდა. 

ამ ჩანაწერის შემდეგ გავრცელდა საპირისპირო შინაარსის სატელეფონო საუბარი, სავარაუდოდ, პრეზიდენტ სააკაშვილსა და კულტურის მინისტრს ნიკა რურუას შორის, სადაც უკვე, სავარაუდოდ, სააკაშვილის ხმა ამბობს, რომ ”იმედს” უნდა გაეფრთხილებინა, რომ იმიტირებულ რეპორტაჟს უშვებდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ჩანაწერების ირგვლივ გამოძიების ჩატარებას არ აპირებენ, რადგან ამ ”ფაბრიკაციის” უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან. 

ქრისტიან-დემოკრატებისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, სიმართლის დადგენაში, თუ ვინაა აუდიო ჩანაწერში ნახსენები ”მიშა” და რამდენად ერევა პრეზიდენტი არხის სარედაქციო პოლიტიკაში, უნდა იყოს დაინტერესებული ”ხელისუფლებაც და ის პიროვნებებიც, ვინც ამტკიცებენ, რომ ჩანაწერი სიყალბეა”. მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის ფორმატში შესაძლებელი იქნება უცხოელი კრიმინალისტების მოწვევა და ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button