skip to content
ახალი ამბები

აშშ-მ საქართველოს გუანტანამოს სამი ტუსაღი გადასცა

აშშ-მ საქართველოს გუანტანამოს ციხეში მყოფი სამი პიროვნება გადასცა, რომლებიც დღეიდან საქართველოს "მეურვეობისა და კონტროლის ქვეშ” იქნებიან, განაცხადა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა.

”დღეს სამი დაკავებული, რომელთა ვინაობა უსაფრთხოებისა და პრივატულობის გამო არ სახელდება, გადაეცა საქართველოს," – ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 23 მარტს გავრცელებულ პრეს-რელიზში.

”შეერთებული შტატები საქართველოს მადლობელია მისი სურვილის გამო დაეხმაროს აშშ-ს დახუროს გუანტანამოს ყურეში არსებული საპყრობილე," – აცხადებს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი.

იქვე აღნიშნულია, რომ სამი პიროვნების გადაცემა კოორდინირებული იყო საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა ”შესაბამისი უსაფრთხოების ზომები ყოფილიყო უზრუნველყოფილი”.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ამ სამი პიროვნების გარშემო ორ ქვეყანას შორის ”კონსულტაციები” მომავალშიც გაგრძელდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა, სააგენტო ”ფრანს პრესს” განუცხადა, რომ გუანტანამოს ყოფილი ტუსაღები საქართველოში ჩვეულებრივ, ”როგორც სხვა მოქალაქეები ისე იცხოვრებენ,” თუმცა მათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის უფლება არ ექნებათ. უტიაშვილის თქმით, ეს სამი პიროვნება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან არიან.

პირველი ეჭვები იმის თაობაზე, რომ შესაძლოა საქართველოს გუანტანამოს ტუსაღები მიეღო მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველოს შარშან აგვისტოს დასაწყისში დენიელ ფრიდი ესტუმრა, რომელიც მაშინ უკვე აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი იყო გუანტანამოს ციხის დახურვის საკითხებში. მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატი საქართველოს არაერთხელ სტუმრობდა, როცა ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო. 

შარშან აგვისტოში მისი ვიზიტის დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა ვიზიტიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ Washington Post-ი იტყობინებოდა, რომ  მას გუანტანამოს რამოდენიმე ტუსაღის გადაცემის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებასთან წარმატებული მოლაპარაკებები ქონდა.

ისევე როგორც სხვა მსგავსი საქმეები, ამ სამი ტუსაღის გუანტანამოდან გამოშვების საკითხი აშშ-ის სპეციალურმა უწყებათაშორისმა ჯგუფმა განიხილა. ეს ჯგუფი თავდაცვის, სახელმწიფო, უსაფრთხოების დეპარტამენტების, ასევე დაზვერვისა და გაერთიანებული შტაბების წარმომადგენლებისგან და იურისტების დიდ ჯგუფისგან შედგება. უწყებათაშორისი ჯგუფის მოვალეობაში შედის განსაზღვროს, თუ რომელი ტუსაღის გამოშვება შეიძლება იყოს მიზანშეწონილი, ან რომელი ტუსაღი შეიძლება გასამართლდეს აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით უწყებათაშორისმა ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა სამი ტუსაღის საქმე ”რამოდენიმე ფაქტორის, მათ შორის უსაფრთხოების გათვალისწინებით და მათი [საქართველოსთვის] გადაცემას ერთხმად დაუჭირა მხარი”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button