სააკაშვილი: საქართველომ შექმნა კავკასიაში თანამედროვე სახელმწიფოს პრეცედენტი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 მარტს განაცხადა, რომ კავკასიაში თანამედროვე სახელმწიფოს პრეცედენტი საქართველომ შექმნა.
”პირველად საქართველომ შექმნა თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის პრეცედენტი, რომ განვაზოგადოთ, კავკასიის ტერიტორიაზე,”- განაცხადა მან.
”ეს აგიჟებს ყველას,”- განაგრძო სააკაშვილმა, ”არავის არ უნდოდა ამის დაჯერება, რომ აქ შეიძლებოდა სახელმწიფო, რომელიც ათობით ათას ადამიანს დაასახლებს – ყველა არ არის დასახლებული, მაგრამ ეს ბოლომდე უნდა მივიყვანოთ; რომელიც ყველა კონკრეტულ სიტუაციაში ძალიან ჩქარა რეაგირებს; და რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი ბავშვები გაიზარდონ ნორმალურ პირობებში”.
ეს განცხადება პრეზიდენტმა წეროვანში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ახლად აშენებულ საბავშვო ბაღში სტუმრობისას გააკეთა. მან ის დევნილი ოჯახებიც მოინახულა, რომელთა სახლებიც ძლიერი წვიმების შედეგად დაიტბორა.
“ეს სახლები მსოფლიოში ყველაზე სწრაფად ავაშენეთ, ამიტომ ბევრი რამის გათვალისწინება ვერ მოხერხდა იმ დროისთვის. აღდგენითი სამუშაოები რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ და ხარისხიანად გავაკეთოთ, რომ განმეორებითი სტიქიის შემდეგ იგივე არ მოხდეს,”- განაცხადა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)