ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებულია ”იმედის” გამოგონილი გადაცემით

ევროპელი დამკვირვებლები მოწმენი გახდნენ ადმინისტრაციულ საზღვრებთან  მცხოვრები მოსახლეობის მღელვარების და შეშფოთებისა, რაც ”იმედის” მოდელირებულმა გადაცემამ გამოიწვია, აცხადებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

”მიმდინარე მოვლენების მსვლელობისას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის “ცხელი ხაზის” მეშვეობით რუს მესაზღვრეებსა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუკავშირდა. ჩვენ შევძელით დაგვერწმუნებინა ისინი ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემის მოდელირებულ ხასიათში და გადაგვემოწმებინა, რომ მათი მზადყოფნის დონე უცვლელი რჩებოდა,”- ნათქვამია მისიის მიერ 16 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სურს შეახსენოს ყველა მონაწილე მხარეს, რომ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო გადაცემების დამზადებას სერიოზული დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლია ადმინისტრაციული საზღვრების სიახლოვეს. შესაძლოა მომხდარიყო სახიფათო და სერიოზული ინციდენტები. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ პირს მომავალში სრულად გაითვალისწინოს საკუთარი ქმედებების შედეგები. უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების უზრუნველყოფა ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს,”- აცხადებს მისია.

აქვე, მისია აღნიშნავს, რომ 2008 წლის ზამთრიდან ადმინისტრაციულ საზღვრებთან უსაფრთხოების მდგომარეობა ”მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა” და ”იმედის” გამოგონილი გადაცემის გასვლის შემდეგაც დღემდე მშვიდი რჩება.

”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით ადევნებს თვალს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან გადაცემის ზეგავლენას უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე,”- აცხადებს მისია.

პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 15 მარტს განაცხადა: ”საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს და არის კიდეც ისეთი რეალური ფაქტების მიმართ, როგორიც არის რუსეთის მიერ ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობა, რუსეთის მიერ საქართველოს არჩეული ხელისუფლების დამხობის მიმართ დაწყებული ღია ქმედებები და ე.წ. გავლენის სფეროების აღდგენის მცდელობა და არა ამა თუ იმ ტელევიზიის მიერ მომზადებული ჟურნალისტური სტანდარტების თუნდაც უხეშ დარღვევებზე ყურადღების კონცენტრირება”.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button