skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში რამდენიმე შესწორება შეიტანა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღად განისაზღვრა 30 მაისი; საარჩევნო სიების მონიტორინგის ვადა 10 აპრილამდე გახანგრძლივდა; ხოლო მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატებისათვის დაწესებული ბინადრობის ცენზი 5 წლამდე განახევრდა.

აღნიშნული ცვლილებები პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში დღეს მესამე მოსმენით შეიტანა.

კოდექსში დეკემბერში განხორციელებული ცვლილებებით დადგენილი იყო, რომ პარტიებს საარჩევნო სიების მონიტორინგი 15 მარტს უნდა დაესრულებინათ, ხოლო შედეგები ცესკო-სთვის 31 მარტამდე წარედგინათ.

”ჩვენ ორივე ეს ვადა მოვხსენით და დავაწესეთ 10 აპრილი,”- განაცხადა ცვლილებების ინიციატორმა, დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან ლევან ვეფხვაძემ.

რაც შეეხება ბინადრობის ცენზს, დეკემბერში საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, მერად და საკრებულოს წევრად აკრძალული იყო იმ მოქალაქის არჩევა, რომელსაც 10 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში.

”ჩვენ ეს ვადა 5 წლამდე შევამცირეთ, რადგან, მაგალითად, საქართველოს გზის ლიდერს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 10 წელზე ნაკლები პერიოდია რაც საქართველოში ცხოვრობს, არჩევნებში მონაწილეობის ბარიერი არ შეექმნას,”- განაცხადა ვეფხვაძემ.

გარდა ამისა, საკრებულოს წევრობის კანდიდატებისთვის მოიხსნა ის სავალდებულო პირობა, რომ მათ აუცილებლად იმ საკრებულოს ტერიტორიაზე უნდა ეყარათ კენჭი, სადაც დარეგისტრირებულები იყვნენ.

კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, იმ პირებს, რომლებიც 2010 წლის 15 იანვრიდან 1 ივნისამდე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო პირადობის დროებით მოწმობებს აიღებენ, არჩევნებში კანდიდატად კენჭისყრის უფლება ექნებათ, თუმცა ახალი რეგისტრაციის მიხედვით თავად ხმას ვერ მისცემენ. თუმცა ამ პირებს საარჩევნო ხმის უფლება არ ჩამოერთმევათ, რადგან დარჩებათ შესაძლებლობა ძველი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისცენ ხმა. ეს წესები დედაქალაქში ამომრჩეველთა ხელოვნური ზრდის შესაძლებლობის პრევენციისთვის დეკემბერში იქნა შემოღებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button