ახალი ამბები

ალასანიას პარტიის წარმომადგენლები გაჩეჩილაძეს შეხვდნენ

ირაკლი ალასანიას პარტიის ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების წევრები გუშინ საღამოს საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავი საქართველოს ლიდერს ლევან გაჩეჩილაძეს შეხვდნენ.

გაჩეჩილაძე ბოლო დღეებში მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგანაც მას ჯერ არ გაუმხელია საკუთარი გადაწყვეტილება – აპირებს მერის არჩევნებში მონაწილეობას, სადაც მისი კონკურენტი, სხვებთან ერთად, ირაკლი ალასანიაც იქნება; თუ პირიქით, მის მხარდაჭერას გეგმავს. ცოტა ხნის წინ რესპუბლიკური პარტიის რამოდენიმე წევრმა გაჩეჩილაძე გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურების გამო გააკრიტიკა. მისი გადაწყვეტილება ოპოზიციის საბოლოო კონფიგურაციის განსაზღვრას დაეხმარება. თუ გაჩეჩილაძე კენჭისყრას გადაწყვეტს, ეს სავარაუდოდ, ოპოზიციური ხმების გახლეჩას გამოიწვევს. ამდენად, ალასანია კვლავ შეეცდება დაარწმუნოს გაჩეჩილაძე, რომ მას დაუჭიროს მხარი.

ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების გენერალურმა მდივანმა ზურაბ აბაშიძემ შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ეს რეგულარული კონტაქტების ნაწილი იყო. ამავე პარტიის წევრმა კოკა გუნცაძემ განაცხადა, რომ ”ერთიანი ფრონტია” საჭირო მომავალ არჩევნებში გამარჯვების მისაღწევად.

გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ პროცესი ერთიანი ლიდერის შესარჩევად მიმდინარეობს. 

ასევე 10 მარტს გაჩეჩილაძე კონსერვატორების ერთ-ერთ ლიდერს კახა კუკავას შეხვდა. ეს პარტია მჭიდროდ თანამშრომლობს ხალხის პარტიასთან და ზურაბ ნოღაიდელის პარტიასთან მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის, რომელიც 9 აპრილს თბილისის მერობის საერთო კანდიდატის დასახელებას აპირებს. ამ ჯგუფის წარმომადგენლებმა უკვე მიანიშნეს, რომ სურვილი აქვთ გაჩეჩილაძე მათთან ერთად იყოს.   

 

This post is also available in: English Русский

Back to top button