ჰოლბრუკი: საქართველოს წვლილი ავღანეთში ”უაღრესად მნიშვნელოვანია”
აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთისა და პაკისტანის საკითხებში, რიჩარდ ჰოლბრუკმა 2 მარტს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს მიერ ავღანეთის ოპერაციაში დაგეგმილი წვლილის შეტანაზე გაამახვილა და დასძინა, რომ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ”ძალიან მცირე ყურადღება დაეთმო”.
ჰოლბრუკმა ბრიფინგზე თებერვალში ავღანეთში, პაკისტანში, შუა აზიის ქვეყნებში, საქართველოსა და გერმანიაში მისი ვიზიტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ის საქართველოში 21-22 თებერვალს მხოლოდ იმ მიზნით ჩავიდა, რომ ავღანეთში დამატებითი ქართული ძალების გაგზავნის გეგმა განეხილა.
”ჩვენ ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებზე არ გვისაუბრია. ჩვენ არ გვისაუბრია საკითხებზე, რომლებიც ნატოსთან საქართველოს მომავალ ურთიერთობებს ეხება. ეს იყო ავღანეთთან დაკავშირებული ვიზიტი,” – განაცხადა მან.
საქართველომ ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობისთვის 175 სამხედრო უკვე გააგზავნა და აპრილში ერთი ქვეითი ბატალიონის გაგზავნასაც აპირებს, რომელიც ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ჰელმანდის პროვინციაში განთავსდება.
ამ ბატალიონის გაგზავნის შემდეგ ქართული სამხედროების რაოდენობა ავღანეთში 950-მდე გაიზრდება. შედეგად, საქართველო გახდება ერთ სულ მოსახლეზე შეფარდებით ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ქვეყანა ავღანეთის ოპერაციაში.
ჰოლბრუკმა, რომელმაც საქართველოში ვიზიტის დროს კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრიც მოინახულა, განაცხადა: ”ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა, რომლებიც [ქართველ სამხედროებს] წვრთნიან… განაცხადეს, რომ [ქართველი სამხედროები] არიან საუკეთესონი იმ ჯარისკაცებს შორის, რომლებთანაც მათ კი ოდესმე შეხება ქონიათ.”
მისი თქმით, ავღანეთში გასამგზავრებელი ქართველი ჯარისკაცების ნაწილი იმ 2 000 სამხედროს შორის იყვნენ, რომლებიც ერაყში მსახურობდნენ. საქართველომ ერაყიდან სამხედრო კონტინგენტი 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომის დროს გამოიყვანა.
”მათ უზარმაზარი საბრძოლო ტრადიცია აქვთ,” – განაცხადა ჰოლბრუკმა, ”პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მე [ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის] საკითხი ერთი წლის წინ განვიხილეთ და დავიწყეთ ეს პროცესი… მინდა მთელი აშშ-ის მთავრობის სახელით განვაცხადო, თუ რაოდენ ვაფასებთ ჩვენ საქართველოს ამ წვლილს”.
ჰოლბრუკმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ვიზიტი საქართველოში ”იმ დღეს დაემთხვა, როდესაც ნიდერლანდების მთავრობა დაიშალა”.
ჰოლანდიის კოალიციური მთავრობა 20 თებერვალს მას შემდეგ დაიშალა, რაც კოალიციის ორი წამყვანი პარტია ვერ შეთანხმდა უნდა დარჩეს თუ არა ჰოლანდიური სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში 2010 წლის აგვისტოს შემდეგაც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)