ახალი ამბები

საფრანგეთი რუსეთისთვის ”მისტრალის” მიყიდვას დათანხმდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ, რუსეთისთვის ფრანგული უნივერსალური სადესანტო ხომალდ “მისტრალის” მიყიდვაზე თანხმობა განაცხადა, იტყობინებიან Reuters-ი და Associated Press-ი 8 თებერვალს.

თანხმობა ერთი ”მისტრალის” მიყიდვაზეა გაცემული, თუმცა რუსეთმა დამატებით კიდევ სამის შეძენის სურვილი გამოთქვა და ამ წინადადების შესწავლა მომდევნო რამოდენიმე კვირა გაგრძელდება, განაცხადა საფრანგეთის შეიარაღების პროგრამების სახელმწიფო სააგენტოს (DGA) წარმომადგენელმა.

”მისტრალს” შეუძლია 16 ვერტმფრენის  და რამოდენიმე ათეული ჯავშანტექნიკის გადაყვანა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილმა, Associated Press განუცხადა 8 თებერვალს: ”მგონია რომ კარგი იდეა არ უნდა იყოს როდესაც ასეთ გემს ყიდი ქვეყანაზე, რომელსაც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.”

რუსეთის საზღვაო ძალების მეთაურმა ვლადიმერ ვისოცკიმ განაცხადა 2009 წლის სექტემბერში, რომ ”მისტრალის” კლასის ხომალდი საშუალებას მისცემდა რუსეთის საზღვაო ძალებს უფრო სწრაფი ოპერაცია განეხორციელებინათ შავ ზღვაზე საქართველოსთან აგვისტოს ომის დროს. მან ასევე განაცხადა, რომ ამ ხომალდს მხოლოდ 40 წუთი დასჭირდება იმ ამოცანის შესასრულებლად, რაზეც რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა 26 საათი დახარჯა.

რუსეთსა და საფრანგეთს შორის ამ შესაძლო გარიგებაზე უარყოფითი დამოკიდებულება თბილისმა ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში გამოთქვა, როდესაც პარიზში მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ, განაცხადა, რომ საქართველო ”უკიდურესად შეშფოთებულია”.

”ამგვარი ხომალდების ერთადერთი დანიშნულების ადგილი შავი ზღვაა,” – განაცხადა მან საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას.

”შედეგები შესაძლოა დამღუპველი იყოს… ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ,” – განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ საქართველოს ”მხოლოდ სურს გაიგოს, რისთვის სჭირდება რუსეთს ასეთი სადესანტო ხომალდი”.

მსგავსი/Related

Back to top button