ახალი ამბები

მიუნხენის კონფერენციას ვაშაძე, ალასანია დაესწრნენ

5-7 თებერვალს მიუნხენში გამართული უსაფრთხოების 46-ე კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე შეხვდა კოლეგებს გერმანიიდან, ლატვიიდან და ესტონეთიდან, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

ამავე ცნობით, ვაშაძე ასევე შეხვდა აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელს ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკს და სენატორ ჯონ კერის.

”ამ შეხვედრებზე განხილული იქნა საქართველოს ურთიერთობები შესაბამის ქვეყნებთან და საქართველოს დეოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი,”- აცხადებს საგარეო უწყება.

საქართველოდან სპეციალური სტუმრის სტატუსით კონფერენციას ასევე ესწრებოდა ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია.

მისი პრესსამსახურის ცნობით, მან შეხვედრები გამართა გერმანიის თავდაცვის მინისტრთან, შვედეთის, ესტონეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან სერგეი ლავროვთან.

ალასანია ასევე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონს; აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწეს უსაფრთხოების საკითხებში ჯეიმს ჯონსს; სენატორებს ჯოზეფ ლიბერმანსა და ჯონ მაკკეინს. 

”აღნიშნული შეხვედრების დროს განიხილეს საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. აგრეთვე, განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარების აუცილებლობას,”- იტყობინება ალასანიას პრესსამსახური.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button