
სააკაშვილი პოსტრევოლუციურ საქართველოსა და უკრაინას ერთმანეთს ადარებს
საქართველომ უნდა გაითვალისწინოს უკრაინის ”სამწუხარო მაგალითი” და არ დაუშვას კომპრომისები რეფორმებთან დაკავშირებით და ასევე ”მთავარ საკითხებზე ერთიანობის რღვევა,” განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 თებერვალს.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომლის დასაწყისი პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადაიცემოდა, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რაც არ უნდა მოხდეს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ”ყველა შემთხვევაში საქართველო დარჩება უკრაინის მეგობრად”.
”ჩვენ ორივე კანდიდატის შტაბებში გვყავს მეგობრები,” – აღნიშნა მან.
იმავდროულად, სააკაშვილმა ერთმანეთს შეადარა საქართველოსა და უკრაინის პოსტრევოლუციური განვითარება და განაცხადა, რომ ”ორი სხვადასხვა ქვეყანა წავიდა სხვადასხვა გზით და მე არ მინდა ეს დავაბრალო, რომელიმე ცალკე აღებულ პოლიტიკურ ფიგურას”.
”აქედან მთავარი დასკვნა არის ის, რომ რევოლუცია არის არა უბრალოდ ქუჩაში გამოსვლა და დროშების ქნევა. რევოლუცია არის მტკივნეული, რადიკალური რეფორმები და ეროვნული ერთიანობა და კონსენსუსი მთავარი საკითხების გარშემო,”- განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო იყო ”ორჯერ უფრო ღარიბი” ვიდრე უკრაინა, მაგრამ ”ახლა გავუსწარით” მას ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების, კორუფციის დაძლევის, ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესების, ეკონომიკური თავისუფლების, საგადასახადო წნეხის შემსუბუქების კუთხით.
”საქართველო ყველა ამ მონაცემებით უკვე დიდი ხანია არ არის ყოფილი საბჭოთა ქვეყანა,”- აღნიშნა მან.
”უკრაინაში ვერ მოხერხდა ერთობის შექმნა სამთავრობო ჯგუფში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი საქართველოსთვის,”- განაგრძო მან, ”პოლიტიკური ბრძოლის რესურსი [უკრაინაში] დაიხარჯა ურთიერთდაპირისპირებაზე და ქიშპობაზე და ერთმანეთის ჩაძირვაზე. ის რისი გამოწერაც საქართველოსთვის უნდა ზოგიერთ რადიკალურ ოპონენტს საქართველოს შიგნით და მათთან დაკავშირებულ ძალებს საქართველოს გარეთ”.
”ჩვენ გამოსავალი და ჩვენი გზა არის საქართველოს განსაკუთრებულობის შენარჩუნება, ვინც რაც არ უნდა წკავწკავებდეს და ყიყინებდეს,”- განაცხადა მან და დასძინა, რომ არაფერში უკან დახევა და არცერთი პროგრესული მონაპოვარის უკან შეტრიალება არ უნდა მოხდეს.
”ეს არის ერთადერთი, რამაც შეიძლება საქართველოს შეუქცევადად ჩამოაყალიბოს ყველაზე წარმატებულ ქვეყნად,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”სამწუხარო მაგალითი უკრაინის – ჩვენი მეგობრის და სტრატეგიული მოკავშირის არის ის, რომ კომპრომისები რეფორმებზე და ეროვნული ერთიანობის დარღვევა მთავარ საკითხებზე მომაკვდინებელია ნებისმიერი დემოკრატიისთვის, თუ მან დროზე ვერ მოახერხა ამის გადალახვა… ეს არის ასევე ჩვენთვის აცრა იმაზე, რომ ეს არასოდეს არ დაგვემართოს”.