ახალი ამბები

უკრაინის უშიშროების სამსახური: დაკავებულია შეიარაღებული საქართველოს მოქალაქე

უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი, ტროტილი და დეტონატორები აღმოაჩნდა 5 თებერვალს დააპატიმრეს.

ნალივაიჩენკომ განუცხადა უკრაინულ ტელეკომპანია Inter-ს, რომ 41 წლის მამაკაცი კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე დააკავეს. მისივე თქმით, მამაკაცს მეორე, უკრაინული პასპორტიც აღმოაჩნდა და მიმდინარეობს იმის გამოძიება, თუ როგორ მოიპოვა უცხოეთის მოქალაქემ უკრაინული პასპორტი.  

უკრაინის უშიშროების სამსახურმა, რომელიც კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტს ექვემდებარება, თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიბა მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც დაკავებული შესაძლოა გეგმავდა აფეთქება განეხორციელებინა კიევში მასობრივი აქციების დროს, რომელიც უკრაინის დედაქალაქში 5 თებერვალს პრეზიდენტობის კანდიდატებმა ჩაატარეს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. 

მართალია, უშიშროების სამსახურის უფროსმა ახსენა საქართველოს მოქალაქე, მაგრამ უწყების წერილობით განცხადებაში, დაპატიმრებული მამაკაცი მოიხსენიება, უბრალოდ როგორც ”მოქალაქე”, მისი სახელის ან მოქალაქეობის დაკონკრეტების გარეშე.    

საქართველოს ელჩმა უკრაინაში გრიგოლ ქათამაძემ განაცხადა, რომ საელჩოს არ მიუღია რაიმე ოფიციალური შეტყობინება უკრაინის ხელისუფლებისგან საქართველოს მოქალაქის დაპატიმრების შესახებ.

”ოფიციალური ინფორმაცია ჩვენ არ შემოგვსვლია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ როდესაც ჩვენ მოქალაქეებზე არის საუბარი და ჩვენი მოქალაქეების დაკავებაზე, ჩვენ დაუყონებლივ ვღებულობთ ხოლმე ინფორმაციას ან შეტყობინებას ამის შესახებ. ამ დროისათვის არანაირი ოფიციალური ინფორმაცია ან შეტყობინება საქართველოს საელჩოში უკრაინაში არ შემოსულა,” – განუცხადა მან ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს სატელეფონო საუბრისას 6 თებერვალს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button