ახალი ამბები

აშშ საქართველოს ომის შემდეგ 1 მლრდ დოლარით დაეხმარა

აშშ-მ შეასრულა დაპირება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს 1 მლრდ აშშ დოლარით დახმარებას ეხებოდა, იტყობინება აშშ-ის საელჩო საქართველოში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯეიმს სტეინბერგმა 5 თებერვალს თბილისიდან გამგზავრების წინ განაცხადა, რომ ამჟამად დახმარების ამ პაკეტის უკანასკნელი ტრანში ირიცხება.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მონაცემებით, 1 მლრდ დოლარის დახმარება, რომელიც აშშ-ის ამჟამინდელმა ვიცე-პრეზიდენმა ჯო ბაიდენმა ომის დღეებში აღუთქვა საქართველოს, ოთხი მიმართულებით გადანაწილდა: 

48 600 000 აშშ დოლარი სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობის კუთხით გამოიყო აქტიური სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობისთვის;  კანონის უზენაესობის და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად, მათ შორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შექმნისათვის; ხელისუფლების უფრო მეტი გამჭირვალობისთვის; საარჩევნო სისტემის დასახვეწად; პარლამენტის ანგარიშვალდებულების გაზრდისთვის; პოლიტიკური პარტიების დახმარებაზე; უფრო გამჭირვალე მედიის დახმარებისთვის და სხვა.

436 933 000 აშშ დოლარი ჰუმანიტარულ მიზნებზე გადანაწილდა, მათ შორის მოხმარდა ყველაზე დაუცველი ჯგუფების ჯანდაცვას.  ამ 436,9 მილიონიდან 250 მილიონი აშშ დოლარი საქართველომ 2008 წლის ნოემბერში მიიღო, რაც საბიუჯეტო ხარჯების დასაფარად იქნა გამოყენებული, მათ შორის პენიების, კომპენსაციების და სამინისტროებში (თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების გარდა) თანამშრომელთა ხელფასების გასაცემად.

469 890 000 აშშ დოლარი, – ყველაზე მეტი თანხა ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად გამოიყო, მათ შორის ელექტრო და გაზის სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის; მთავარი გზების მშენებლობისთვის; ათასობით ქართველის მომზადებისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისათვის.

48 077 000 აშშ დოლარი მშვიდობისა და უსაფრთხოების საჭიროებებზე გამოიყო, კერძოდ, განაღმვით სამუშაოებზე; პოლიციის, სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერებისთვის; საქართველოს საგანგებო მდგომარეობებისათვის მზადყოფნისა და რეაგირების უნარის გამტკიცებისათვის; ასევე ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლისათვის.

Back to top button