
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისს სტუმრობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს სტუმრობს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმდინარე პოლიტიკურ, დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს განიხილავს.
მასთან ერთად თბილისში ჩამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი.
ამჟამად აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლები ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერს ხვდებიან. მათ შორის არიან: დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე; ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე; ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე და მოძრაობა დაიცავი საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან გაჩეჩილაძე.
მოგვიანებით ჯეიმს სტეინბერგი და ფილიპ გორდონი პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდებიან.
2 თებერვალს პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ”გაახმოვანებს საქართველოსათვის ამერიკის ეკონომიკური დახმარების ახლად დამტკიცებული პაკეტის შინაარსს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)