ახალი ამბები

შსს ცხინვალს დაკავებული ქართველის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

საქართველოს შსს მოუწოდებს ცხინვალს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ”უკანონო პატიმრობიდან” ჭიათურელი მალხაზ ახვლედიანი, რომელიც ქართული პოლიციის ცნობით, 31 იანვარს სოფელ ნიქოზთან დააკავეს და ”ე.წ. სახელმწიფო საზღვრის” გადაკვეთაში დასდეს ბრალი.

”მიუხედავად ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებისა, რომელიც გულისხმობს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, თუ ისინი შემთხვევით გადაკვეთენ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს, ოსური მხარე რამდენიმე დღეა უარს ამბობს მალხაზ ახვლედიანის გათავისუფლებაზე, რაც აქამდე მიღწეული შეთანხმებების ღია დარღვევაა,”- ნათქვამია შსს-ის მიერ 3 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

ცხინვალი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში ბოლოს დროს დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, ვიდრე ქართულ მხარეს დაკავებული ან დაკარგული მათი მოქალაქეების საკითხი არ გაირკვევა.

იანვრის დასაწყისში ქართველმა სამართალდამცავებმა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის მკვიდრი გენადი ფლიევი დააკავეს და განაცხადეს, რომ მისი დაკავება ადმინისტრაციული საზღვრის ქართულ მხარეს მოხდა და მას ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები აღმოაჩნდა. ცხინვალის მტკიცებით, კი ფლიევი სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიის სიღრმიდან ”გაიტაცეს”.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ჩატარებული მოკვლევის შედეგად ეჭვქვეშ დააყენა როგორც თბილისის, ისე ცხინვალის ოფიციალური ვერსიები ფლიევის დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button