
საქართველო ევროპის საბჭოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტრატეგიას წარუდგენს
თებერვალში საქართველო ევროპის საბჭოში წარადგენს მთავრობის ახალ სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, განაცხადა 16 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.
მან ეს განცხადება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალურ კანცლერთან მიშელინ კალმი-რეისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ეს უკანასკნელი თბილისს ორდღიანი ვიზიტით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში სტუმრობს.
”ამ სტრატეგიას შეუძლია ითამაშოს დიდი როლი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპის საბჭო და თავმჯდომარეობა ამაში მოგვეხმარება,”- განაცხადა ვაშაძემ.
9-გვერდიანი სტრატეგია სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა დეკემბერში წარადგინა, სადაც ნათქვამია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემების მოგვარებას საქართველო მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავს, წინააღმდეგია კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებთა იზოლაციის და ორიენტიებულია ”გამყოფი ხაზებით განცალკევებულ” მოსახლეობას შორის ურთიერთობების აღდგენა-ხელშეწყობაზე.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა კანცლერის განცხადებით, ევროპის საბჭო აკვირდება ადამიანის უფლებების მდგომარეობას კონფლიქტურ რეგიონებში და ამ ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვლავ განახლდეს კონტაქტები ადამიანებს შორის, რაც ”თავისთავად ხელს შეუწყობს დევნილი მოსახლეობის მომავალ დაბრუნებას”.
მიშელინ კალმი-რეი თბილისში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა ოფიციალურ პირებს. თბილისიდან კი იგი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრა რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან.
შვეიცარია საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის ფუნქციას ოფიციალურად ასრულებს იმის გამო, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვეტილია.