
”აგვისტოს ომის დროს ბუშის მრჩევლები სამხედრო ჩარევაზე ფიქრობდნენ”
პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის ზოგიერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი 2008 წლის აგვისტოს ომში სამხედრო ჩარევის შესაძლებლობას განიხილავდა, – წერს რონალდ ასმუსი თავის ახალ წიგნში ”პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა” (A Little War That Shook the World).
ასმუსი პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო ევროპულ საკითხებში, ხოლო ახლა მარშალის ფონდთან არსებული ტრანსანტლანტიკური ცენტრის ხელმძღვანელია ბრიუსელში.
მისი წიგნის მიმოხილვა ამ დღეებში სააგენტო Bloomberg-მა, ასევე ბრიტანულმა The Sunday Times-მა გამოაქვეყნა. წიგნში გამოქვეყნებულია აქამდე უცნობი მასალები და ეყრდნობა ინტერვიუებს დასავლელ და საქართველოს ოფიციალურ პირებთან. თუმცა ნაკლებად არის წარმოდგენილი რუსეთის პოზიცია, რისი მიზეზიც, როგორც წიგნის ავტორი წერს, რუსეთის ოფიციალური პირების უარია ინტერვიუზე.
Bloomberg-ის მიმოხილვის თანახმად, წიგნი ასახავს, თუ როგორ გამოიყენა რუსეთმა აშშ-სა და ევროპას შორის პოზიციათა სხვადასხვაობა იმისთვის, რომ შეეჩერებინა საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვა.
როგორც წიგნის ავტორი წერს ”თეთრი სახლის რამოდენიმე ოფიციალური პირი” ემხრობოდა აშშ-ის მხრიდან ”სულ ცოტა, შეზღუდული სამხედრო” ღონისძიების გატარების განხილვას, მაგალითად, საჰაერო დარტყმების განხორიციელებას და როკის გვირაბის დაბომბვას.
მაგრამ ომის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ, ბუშმა ამგვარი განხილვები შეწყვიტა. მაღალი დონის შეხვედრაზე, რომელიც თეთრ სახლში შედგა, გაკეთდა დასკვნა, რომ ”ნებისმიერი სახის სამხედრო ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან გამოიწვევდა მოსკოვთან კონფრონტაციას,” – წერს ასმუსი.
წიგნში ასევე ასახულია ის დაპირისპირება, რომელიც ბუშსა და მის ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის შორის არსებობდა ბუშის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში.
არსებული უთანხმოება, წიგნის ავტორის მიხედვით, საქართველოს კონტექსტსაც მოიცავდა, რადგან ჩეინის მრჩევლებს მიაჩნდათ, რომ ბუშმა რუსეთს საქართველოზე შეტევის განსახორციელებლად უნებლიედ ”მწვანე შუქი აუნთო”, როდესაც მან სიჩუმით უპასუხა პუტინის ”მკვეთრ და მუქარის ენას”, რომელიც მან სოჭში 2008 წლის აპრილში ბუშთან გამართული შეხვედრის დროს გამოიყენა.
წიგნში ასევე მოყვანილია პრეზიდენტ სააკაშვილსა და პუტინს შორის 2008 წლის თებერვალში გამართულ შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ გაკეთებული სტენოგრამის მონაკვეთი.
”შენ გგონია ამერიკელებს შეგიძლია ენდო და გგონია ისინი გამოიქცევიან რომ დაგეხმარონ?” ვერავის ენდობი! ჩემს გარდა,”- ეუბნება პუტინი სააკაშვილს, ამ სტენოგრამის მიხედვით, სადაც ასევე ნახსენებია ”პატარა ომი”.
ევროკავშირსა და აშშ-ს შორის უთანხმოება არსებობდა, თუ როგორ მომხდარიყო საქართველოს დასავლეთთან დაახლოება და, როგორც წიგნის ავტორი აღნიშნავს, ამ უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი თავად პრეზიდენტი სააკაშვილი იყო. ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში სააკაშვილი აღიქმებოდა, როგორც ”ამერიკელების მიერ მხარდაჭერილი ცხელთავიანი და პრობლემების შემქმნელი,” წერს ასმუსი.
ასმუსი ასევე წერს, რომ ერთ-ერთი ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირი ”გაოგნებული” იყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ბუნდოვანი ტექსტით, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით შედგა.
წიგნის მიხედვით, როდესაც სარკოზი თბილისში ჩამოვიდა, ის დაჟინებით მოითხოვდა სააკაშვილისგან ხელი მოეწერა ამ ხელშეკრულებისთვის, რადგან საქართველო ამაზე უკეთეს პირობებს ვეღარ მიიღებდა.
”სად არის ბუში? სად არიან ამერიკელები? ისინი არ მოდიან თქვენ დასახმარებლად. არც ევროპელები. მარტო დარჩი. თუ არ მოაწერ ხელს, აქ მალე რუსული ტანკები იქნებიან,”- ეუბნებოდა სარკოზი სააკაშვილს, როგორც ეს ახალ წიგნშია ნათქვამი.
Bloomberg-ის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ეს წიგნი საქართველოსადმი უფრო დადებითი კუთხით არის დაწერილი, ვიდრე ე.წ. ტალიავინის დასკვნა.
The Sunday Times-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ წიგნი ”ვაშინგტონელი ნეოკონსერვატორის ნაშრომს უფრო გავს, ვიდრე დემოკრატისას.”
”ასმუსი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ნატო-ში ინტეგრაციისთვის საჭირო გადამწყვეტი დახმარების არ აღმოჩენა დასავლეთის შეცდომა იყო, ისევე როგორც რუსეთისთვის მკვეთრი შემაკავებელი სიგნალების არ გაგზავნა,” – ნათქვამია The Sunday Times-ის მიმოხილვაში.