ახალი ამბები

პოლონეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაცია განხორციელდა

პოლონეთიდან 24 საქართველოს მოქალაქე იქნა დღეს დეპორტირებული ვარშავა-თბილისის სპეციალური ჩარტერული რეისით.

უმცირესობათა საკითხების ევროპულმა ცენტრმა (European Centre for Minority Issues – ECMI) 4 იანვარს გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში  პოლონეთს თავშესაფრის თხოვნით საქართველოს მოქალაქეთა ”განსაკუთრებით დიდმა რაოდენობამ” მიმართა.

ECMI, რომელიც გერმანიის და დანიის მთავრობების მიერ დაფუძნებული კვლევითი ცენტრია, აღნიშნავს თავის კვლევაში, რომ 2009 წლის აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით, დაახლოებით, 4 000 საქართველოს მოქალაქე ჩავიდა პოლონეთში, რათა თავშესაფარი მოეთხოვა.

იმავე კვლევის თანახმად, ამ 4 000 საქართველოს მოქალაქის 90% ქურთი იეზიდია. კვლევაში აღნიშნულია, რომ მათი მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რთული სოციალური პირობებია.

იმავე კვლევის მიხედვით, ბოლო თვეების განმავლობაში ასევე საგრძნობლად არის გაზრდილი საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც თავშესაფრისთვის ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებს მიმართავენ. მათ შორის, დაფიქსირებულია 2 000 – გერმანიაში და 2 000 ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ასევე საბერძნეთში, შვეიცარიაში, იტალიასა და ავსტრიაში.

“საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობის გათვალისწინებით – დაახლოებით ოთხმილიონ ნახევარი ადამიანი – [ევროპაში თავშესაფრის მაძიებელ მოქალაქეთა] ეს რაოდენობა უჩვეულოდ მაღალია,” – ნათქვამია კვლევაში, რომლის თანახმადაც პოლონეთში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა უკვე აღემატება ჩეჩნეთიდან წასულ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვს.

კვლევის თანახმად, პოლონეთს მიგრანტები იმიტომ ირჩევენ, რომ ეს ამჟამად ყველაზე იოლი და იაფი გზაა ევროკავშირში მოსახვედრად. თავშესაფრის მაძიებლები ჯერ მინსკში ჩადიან, ხოლო მერე ბელარუს-პოლონეთის საზღვრისკენ მიაშურებენ და იქ თავშესაფრის შესახებ პოლონეთის მთავრობის სახელზე განცხადებას წერენ. მოხსენებაში განმარტებულია, რომ პოლონეთი  მიგრანტთა საბოლოო დანიშნულების ადგილი არ არის და მას მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანად იყენებენ. სანამ პოლონეთის მთავრობა თავშესაფრის შესახებ განაცხადებს განიხილავს, მიგრანტების ერთი ნაწილი ცდილობს სხვადასხვა არალეგალური გზით გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში, გადავიდეს.

Back to top button