
სააკაშვილი: საქართველოს შეუძლია ავღანეთს დემოკრატიული გამოცდილებითაც დაეხმაროს
საქართველოს ავღანეთის დახმარება არა მარტო სამხედრო ძალის გაგზავნით, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში გამოცდილების გაზიარებითაც შეუძლია, აცხადებს პრეზიდენტი სააკაშვილი მის სტატიაში, რომელიც ბრიტანულ Telegraph-ში 12 დეკემბერს გამოქვეყნდა.
”როგორც პრეზიდენტმა ობამამ მჭერმეტყველურად აღნიშნა, ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ მოიგებ მხოლოდ სამხედრო გზით; განათლება, დემოკრატიზაცია და ინსტიტუტების მშენებლობა თანაბრად მნიშვნელოვანია, თუ უფრო არა. დემოკრატიის მშენებლობაში ბოლო დროს შეძენილი გამოცდილებით, საქართველოს ამ მიმართულებითაც შეუძლია წვლილის შეტანა.
ათ წელზე უფრო მცირე დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ბევრი არშემდგარ სახელმწიფოდ განიხილავდა. მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრების დახმარებით და საერთო ღირებულებების მეშვეობით, ჩვენ საგრძნობი ცვლილებები განვახორციელეთ. როგორც ახალგაზრდა დემოკრატია, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა გავხსნათ პოლიტიკა, მედია და სხვა ძირითადი ინსტიტუტები. ოპოზიცია მონაწილეობს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებში. ჩვენ მივეცით ოპოზიციის მიერ კონტროლირებად მედია საშუალებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის ლიცენზიები. მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიციასთან, რომლის შედეგადაც საარჩევნო პროცესისადმი ნდობა გაიზარდა, მაისში ჩვენ პირველად ჩავატარებთ თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებს,” – წერს სააკაშვილი.
სტატიაში, რომლის სათაურია ”რატომ აგზავნის საქართველო სამხედროებს ავღანეთში”, სააკაშვილი ასევე წერს, რომ საქართველომ დადო პირობა, რომ ავღანეთის ოპერაციაში საერთო ჯამში ”1000-ზე ოდნავ ნაკლები” ქართველი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. ერთი ასეული საქართველომ უკვე გაგზავნა, რომელიც საფრანგეთის სარდლობის ქვეშ მსახურობს. მომავალ წელს კი დამატებით ერთ ბატალიონი გაემგზავრება ავღანეთში, რომელიც აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში იქნება.
”დაახლოებით 800 [სამხედრო მოსამსახურე] ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ჰელმანდის პროვინციაში განთავსდება, სადაც ყველაზე ინტენსიური ბრძოლები მომხდარა,” – წერს სააკაშვილი.
მისი თქმით, ჯარების ავღანეთში გაგზავნა საქართველოსთვის, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ”ადვილი არ ყოფილა”.
”მართალია საქართველო ჯერ არ არის ნატო-ს წევრი – და ჩვენ ვიცით, რომ წევრობისკენ ჩვენი გზა შესაძლოა ხანგრძლივი იყოს – ჩვენ საკუთარ თავს ვხედავთ როგორც აშშ-ის და ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის მჭიდრო ღირებულებით მოკავშირეებად. მაგრამ ეს მხოლოდ რიტორიკული და ცარიელი კავშირი არ უნდა იყოს. ვართ რა ამ თანამეგობრობის ნაწილი, თუნდაც პატარა ქვეყანა, ჩვენ თავს ვალდებულად ვთლით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში,” – აცხადებს სააკაშვილი.