ახალი ამბები

თურქულ-კორეული კონსორციუმი საქართველოში ნამახვანის ჰესების კასკადს ააშენებს

საქართველოს მთავრობასა და Nurol Energy Production and Marketing Inc-ს (თურქული კომპანია), Korea Electric Power Corporation-ს (KEPCO, კორეული კომპანია) და SK Engineering and Construction Co, Ltd-ს (კორეული კომპანია) შორის ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც აღნიშნული კომპანიები, ცაგერის რაიონში 450 მგვტ სიმძლავრის სამჰესიან კასკადს ააშენებენ.

კონსორციუმი კასკადის მშენებლობას 2011 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს და ექვს წელიწადში დაასრულებს.   დაგეგმილი ინვესტიციის ოდენობა 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. კასკადის წლიური გამომუშავება 1,5 მილიარდ კვსთ იქნება.

KEPCO-მ აღნიშნა განცხადებაში, რომ კონსორციუმი და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო დაფინანსებასა და სხვა დეტალებზე მომდევნო ეტაპზე შეთანხმდებიან.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცახდა, რომ ”გარკვეულწილად დაფინანსების საკითხი გარკვეულია”.

”მაგრამ კონსორციუმი ახლაც აწარმოებს მოლაპარაკებას კორეულ EximBank-თან და EBRD-სთან,” – განაცხადა ხეთაგურმა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაგეგმილ პროექტს ”საქართველოსთვის ისტორიული” უწოდა.

”დღეს ჩვენ ვაწერთ ხელს იმ მშენებლობის დაწყებას, რომელიც განახორციელებს ყველაზე დიდ პროექტს საქართველოში საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ… ეს არის პროექტი, რომელიც აღემატება [მასშტაბებით] საქართველოში აქამდე განხორციელებულ სხვა პროექტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტს,” – განაცხადა სააკაშვილმა მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიამდე.

მან ასევე განაცხადა, რომ ”პროექტში 20 000 ადამიანი დასაქმდება”. 

თუმცა, ენერგეტიკის სამინისტრომ აღნიშნა თავის განცხადებაში, რომ პროექტში 4 000 ადამიანი დასაქმდება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button