ახალი ამბები

ვაშაძე: თბილისს საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის სადესანტო ხომალდის შესაძლო მიყიდვა აშფოთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველო ”უკიდურესადაა შეშფოთებული” რუსეთის მიერ ფრანგული უნივერსალური სადესანტო ხომალდის “მისტრალი”, რომელიც ამავე დროს ვერტმფრენმზიდიც არის, შესაძლო შეძენის გამო. 

”ამგვარი ხომალდების ერთადერთი დანიშნულების ადგილი შავი ზღვაა,” – იტყობინება Associated Press-ი ვაშაძის სიტყვებზე დაყრდნობით. ვაშაძემ ეს განცხადება პარიზში საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში გამოსვლისას გააკეთა.

”შედეგები შესაძლოა დამღუპველი იყოს… ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ,” – განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ საქართველოს ”მხოლოდ სურს გაიგოს, რისთვის სჭირდება რუსეთს ასეთი სადესანტო ხომალდი”. 

იმავდროულად, ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ”უკიდურესად შეშფოთებულია” იმის გამო, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფომ, საფრანგეთმა შესაძლოა სამხედრო ხომალდი მიყიდოს რუსეთს, ”მითუმეტეს, რომ რუსეთი არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელმოწერილს სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ და აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას”. 

“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა დაუყოვნებლივ მოითხოვს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქმედითი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას ამ გარიგების პრევენციისათვის და მოუწოდებს საფრანგეთის მხარეს, უარი თქვას რუსეთის ფედერაციისათვის “მისტრალის” კლასის ხომალდების მიყიდვაზე,”- განაცხადა ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ 26 ნოემბერს.

რუსეთის საზღვაო ძალების მეთაურმა ვლადიმერ ვისოცკიმ განაცხადა სექტემბერში, რომ ”მისტრალის” კლასის ხომალდი საშუალებას მისცემდა რუსეთის საზღვაო ძალებს უფრო ეფექტური ოპერაცია განეხორციელებინათ შავ ზღვაზე საქართველოსთან შარშანდელი აგვისტოს ომის დროს. მან ასევე განაცხადა, რომ ამ ხომალდს მხოლოდ 40 წუთი დასჭირდება იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელსაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი 26 საათში ასრულებდა.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button