
”იმედის” საინფორმაციო გამოშვების წამყვანი პრეზიდენტის პრესსპიკერი გახდა
ტელეკომპანია ”იმედის” საინფორმაციო გამოშვება ”ქრონიკის” წამყვანი მანანა მანჯგალაძე პრესასთან ურთიერთობებში საქართველოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად, ე.წ. პრესსპიკერად დაინიშნა.
მანჯგალაძე ახალ თანამდებობაზე თავად პრეზიდენტმა წარუდგინა ჟურნალისტებს გორში სტუმრობისას და აღნიშნა, რომ მასთან დაახლოებით 10-წლიანი ”თანამშრომლობა” აკავშირებს.
”ჩემთვის დიდი პატივია, რომ ის დათანხმდა იმას, რომ თქვენ და დანარჩენ საქართველოს და ასევე მსოფლიოსაც შეატყობინოს საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია. ეს არის რთული სამუშაო,”- განაცხადა სააკაშვილმა 23 ნოემბერს, ”მე ნაკლები მომიხდება ლაპარაკი და ყველაზე ჭკვიანურ აზრებს აწი გაიგებთ ამ ადამიანისგან… აწი მე თავისუფალი ვარ და მანანას ვაბარებ თქვენ თავს და პირიქით”.
პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობა 2006 წლის მარტიდანაა ვაკანტური მას შემდეგ, რაც ყოფილი პრესსპიკერი გელა ჩარკვიანი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გასული კვირიდან ასევე ვაკანტური გახდა მისი პრესსამსახურის უფროსის თანამდებობაც, რადგან ყოფილი უფროსი, ივანე ნონიაშვილი პარლამენტმა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაამტკიცა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)