ახალი ამბები

სტატისტიკის რეფორმაზე მსჯელობა გაგრძელდა

დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით განაგრძო სტატისტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელზეც მსჯელობა რვა თვის განმავლობაში შეჩერებული იყო.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა თამარ კოვზირიძემ დეპუტატებს განუცხადა, რომ განხილვებს შორის პერიოდში კანონპროექტმა გარკვეული კორექტივები განიცადა ევროკავშირისა და პარლამენტის რეკომენდაციების საფუძველზე.

კანონპროექტის მიხედვით, სტატისტიკის დეპარტამენტი გამოეყოფა ეკონომიკის სამინისტროს და ფუნქციონირებას გააგრძელებს დამოუკიდებლად, ”საქსტატის” სახელწოდებით.

კანონპროექტში შესული ცვლილებების მიხედვით, ”საქსტატს” მეთვალყურეობას 8-წევრიანი საბჭო გაუწევს, რომლის ხელმძღვანელიც, იმავდროულად, იქნება ამ უწყების აღმასრულებელი დირექტორი. დირექტორის უფლებამოსილების ვადა 4 წლით განისაზღვრა.

ამასთან, ”საქსტატი” პირდაპირ დაფინანსდება ბიუჯეტიდან, ნაცვლად დაფინანსების თაობაზე მთავრობასა და ”საქსტატს” შორის ადრე გათვალისწინებული 3-წლიანი ხელშეკრულების პრინციპისა.

სტატისტიკის სისტემის რეფორმა, რომელიც დეკემბრიდან მზადდებოდა,  განაპირობა სტატისტიკური მონაცემებისადმი საზოგადოების დაბალმა ნდობამ.

Back to top button