ახალი ამბები

აშშ-საქართველოს მოლაპარაკებები დემოკრატიულ რეფორმებზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში მაიკლ პოზნერი 17-18 ნოემბერს საქართველოს ეწვევა.

იგი იმ უწყებათაშორის დელეგაციას უხელმძღვანელებს, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის საფუძველზე შექმნილია კიდევ სამი სამუშაო ჯგუფი, რომლებიც ქარტიით განსაზღვრულ შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობენ: უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და ხალხებს შორის კავშირები. უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ოქტომბერში, თბილისში გაიმართა.

”დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის დროს მხარეები განიხილავენ პროგრესს და თანამშრომლობას საქართველოში მიმდინარე მთელ რიგ დემოკრატიულ რეფორმებზე,” – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ 16 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თინა ქეიდენაუ, რომელიც უკვე თბილისში იმყოფება, დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის თანათავმჯდომარეა აშშ-ის მხრიდან.

ვიზიტის ფარგლებში ამერიკული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს პოლიტიკური პარტიების, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, იტყობინება საელჩო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button