
ბარიერის გარდა, საარჩევნო კოდექსის სხვა მთავარ საკითხებზე პოზიციები დაახლოებულია
ბარიერის გარდა, საარჩევნო კოდექსის სხვა პრინციპულ საკითხებზე საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ინტერპარტიულ ჯგუფში პოზიციები მაქსიმალურად დაახლოებულია.
ამ ჯგუფის ყველა წარმომადგენელი, გარდა ალიანსი საქართველოსთვის, თანხმდება ხელისუფლების შეთავაზებას თბილისის მერის ასარჩევად 30%-იანი ბარიერის დაწესების თაობაზე.
ამის შესახებ განცხადებები 12 ნოემბერს ჯგუფში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. შეხვედრის დაწყებამდე 33%-იანი ბარიერის თაობაზე ”შუალედური წინადადება” ქრისტიან-დემოკრატებმა გაახმოვანეს.
ალიანსი საქართველოსთვის, რომელიც ჩვენი საქართველო – თავისუფალ დემოკრატებს, ახალ მემარჯვენეებსა და რესპუბლიკელებს აერთიანებს, სხვა ოთხ არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიასთან ერთად თბილისის მერის ასარჩევად 50%+1 ბარიერის დაწესებას მოითხოვს.
ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ადგილობრივი არჩევნებით პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება, თუ მაღალი ბარიერი არ დაწესდა, რადგან ”ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ ამა თუ იმ მერის დაბალი პროცენტით არჩევის საკითხი”.
ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ ალიანსი მზადაა კომპრომისისთვის, თუმცა არა იმ ნიშნულამდე (30%), რომელიც ხელისუფლებამ დაასახელა.
”50%+1 ხმით მერისა და საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების არჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, რათა ადგილობრივ ხელისუფლებაში მაღალი ნდობის მქონე პირები მოვიდნენ, რათა ისევ უმცირესობამ არ მართოს უმრავლესობა,”- განუცხადა კაციტაძემ Civil.ge-ს, ”მაგრამ ვაცნობიერებთ იმასაც, რომ საჭიროა კომპრომისი ყველა მხრიდან, რათა შედგეს შეთანხმება, თუმცა ეს ნამდვილად ვერ იქნება ის ვარიანტი, რაც ხელისუფლებამ შემოგვთავაზა”.
დავით ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება, რომლის საწყისი პოზიციაც იყო ბარიერის გარეშე მერის არჩევა, უფრო მეტ კომპრომისზე წამოვა და დათანხმდება 30%-ზე მეტ მიჯნას.
”მე არა მგონია, რომ ამ პოზიციით მან შედეგი მიიღოს,”- განუცხადა ჟურნალისტებს პავლე კუბლაშვილმა, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან ბერძენიშვილის ამ პოზიციის კომენტირებისას.
გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატებმა თბილისის ათი საარჩევნო ოლქიდან მხოლოდ ოთხში – კრწანისში, სამგორში, ისანსა და მთაწმინდაზე მიიღეს 50%-ზე მეტი მხარდაჭერა. სხვა ოთხ ოლქში მათ ხმების 50% ვერ აიღეს, თუმცა მოუგეს ოპოზიციონერ ოპონენტებს, ოპოზიციის კანდიდატებმა კი მხოლოდ დარჩენილ ორ ოლქში გაიმარჯვეს.
იმავდროულად, ყველა პარტია თანხმდება თბილისის საკრებულოში 25 წევრის მაჟორიტარული და დანარჩენი 25-ის პროპორციული წესით არჩევას.
ასევე მხარეთა პოზიციები დაახლოებულია იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხელისუფლების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან ცესკო-ს ოპოზიციური წევრები აირჩევენ. დღეს მოქმედი ნორმით კანდიდატს ამ თანამდებობაზე პარლამენტი ირჩევს.
საპარლამენტო უმცირესობიდან დეპუტატმა გია თორთლაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის შეცვლა, რაც არაპირდაპირ თავად თარხნიშვილმა და მმართველმა პარტიამაც დაადასტურა.
”ლოგიკური იქნება, რომ დღეს არსებული თავმჯდომარე ანუ მე, გადადგეს და ახალი თავმჯდომარე არჩეულ იქნას იმ წესით, რომელიც მიღებული იქნება,”- განაცხადა თარხნიშვილმა, რომელიც ბოლო ორ არჩევნებზე ოპოზიციის მუდმივი კრიტიკის სამიზნე იყო.
კუბლაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა ”ვაკანტური” გახდება.
საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში პოზიციები შეჯერებულია იმასთან დაკავშირებითაც, რომ საუბნო და საოლქო კომისიების თავმჯდომარეები ხელისუფლების, ხოლო მდივნები – ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან და შემაჯამებელ ოქმზე ორივე მათგანის ხელმოწერა იქნება სავალდებულო.
ამასთან, თანხმობაა იმასთან დაკავშირებითაც, რომ არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს ცესკო ხმათა 2/3-ით დაამტიკიცებს. მამუკა კაციტაძის ინფორმაციით, სამივე დონის საარჩევნო ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანაბარი, 6-6 წარმომადგენლით დაკომპლექტდება.
აღნიშნული საკითხებზე თანხმობა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფმა მომდევნო შეხვედრებზე კენჭისყრით უნდა გამოხატოს. ჯგუფში გადაწყვეტილებები კონსენსუსის წესით მიიღება.