ახალი ამბები

ქრისტიან-დემოკრატების წინადადებაა 33%-იანი ბარიერი თბილისის მერის ასარჩევად

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წინადადებაა, რომ დაწესდეს 33%-იანი ბარიერი ქალაქ თბილისის მერის ასარჩევად.

საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფს სექტემბერში ალიანსმა საქართველოსთვის წარუდგინა შვიდი ოპოზიციური პარტიის ერთიანი მოთხოვნა თბილისის მერის ასარჩევად 50%+1 ბარიერის დაწესების თაობაზე.

”გვაქვს მოთხოვნა, რომ იყოს ქალაქის მერისთვის ბარიერი 50%, მეორეს მხრივ, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არ უნდა იყოს არანაირი ბარიერი. ჩვენი შუალედური შეთავაზება ეს არის 33% ანუ 1/3,”- განუცხადა ”რუსთავი 2”-ს ვიცე-სპიკერმა ქრისტიან-დემოკრატებიდან ლევან ვეფხვაძემ 12 ნოემბერს.

ქრისტიან-დემოკრატების ეს წინადადება გულისხმობს, რომ თბილისის მერი გახდება ის ვინც მეტ ხმებს დააგროვებს, მაგრამ არა ნაკლებ 33%-სა. 

ქრისტიან-დემოკრატებმა განაცხადეს, რომ ისინი აქტიურ კონსულტაციებს მართავენ მერობის საკუთარი კანდიდატურის შესარჩევად. პარტიის განცხადებით მათი კანდიდატი არ იქნება პოლიტიკური ფიგურა და აქცენტს იმაზე გააკეთებენ, რომ კანდიდატი კარგი მენეჯერი იყოს, რომელის მოღვაწეობამაც სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყო ხელი. ამ განცხადებამ ქართულ მედიაში უკვე წარმოშვა ვარაუდები რომ ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ბიზნესმენი იქნება. გაზეთი ”რეზონანსი” იმასაც იუწყებოდა რომ ეს შესაძლოა  TBC ჯგუფის ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე იყოს. მერობის სურვილი უკვე გამოთქვა ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, ასევე ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა. თუმცა ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ის ჯერ ოპოზიიციის მიერ გამართულ ე.წ. პრაიმერისში მიიღებს მონაწილეობას, რომლის გამართვის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია. 

ვეფხვაძემ 12 ნოემბერს ასევე განაცხადა, რომ მათი წინადადებაა საკრებულოში 25 წევრი პროპორციული, ხოლო 25-იც მაჟორიტარული სისტემით აირჩეს ხელისუფლების იმ შემოთავაზების საწინააღმდეგოდ, რომელიც, მისი თქმით, 15 პროპორციული და 30 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევას ითვალისწინებს ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში.

”ჩვენ ვთავაზობთ 25/25-ზე  – იყოს გარკვეულწილად ასე დაბალანსებული: 25 მაჟორიტარი და 25 პროპორციული სია,”- განაცხადა ვეფხვაძემ, ”ეს ნიშნავს, რომ 4%-იანი პარტიისთვის ერთი ადგილია საკრებულოში და მეორეს მხრივ, 25 ოლქად დაყოფას ქალაქ თბილისის”.

საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა დღეს გაიმართება.

ამ შეხვედრამდე ჯგუფში მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა თავი შეიკავა პოზიციის წინასწარ გაცხადებისაგან, თუმცა აღნიშნა, რომ ოპონენტების გარკვეულ შემოთავაზებები მათ მიერ გათვალისწინებულია. 

”ჩვენ  შეთავაზებებში ჩვენ, ბუნებრივია, ჩავდებთ იმ ელემენტებს, რომელიც შემოთავაზებულია ჩვენი ოპონენტების მხრიდან სამუშაო ჯგუფის ფარგლებში,”- განაცხადა მინაშვილმა და აქვე იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მოხერხდება შეთანხმება ძირითად საკითხებზე, რასაც შემდგომში უნდა დაეფუძნოს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button