ახალი ამბები

სააკაშვილს ევროპის ”უფრო ხმამაღალი რეაქციები” სურს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 ნოემბერს დაიჩივლა, რომ ევროკავშირის მხრიდან არ არის საკმარისი რეაქცია სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების მხრიდან ქართველი მოზარდების დაკავებასთან დაკავშირებით.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას 10 ნოემბერს სატელეფონო საუბარი ექნება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან და ასევე სურს საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტთან ნიკოლა სარკოზისთან, რათა 4 ნოემბერს ცხინვალის მახლობლად დაკავებული ოთხი ქართველი მოზარდის საკითხი დააყენოს.

”ხვალ მაქვს საუბარი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან. შევუკვეთე სპეციალურად, რომ ამ საკითხზე ველაპარაკო,” – განაცხადა მან.

მან ეს განცხადება დეპუტატებთან ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან, გიორგი თარგამაძესთან და ლევან ვეფხვაძესთან შეხვედრისას გააკეთა. ორივე დეპუტატი 9 ნოემბერს სოფელ ტირძნისს სტუმრობდა, სადაც დაკავებული მოზარდების ნათესავებს შეხვდა.

”დღეს დავიბარეთ საფრანგეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოვითხოვე საუბარი [საფრანგეთის პრეზიდენტთან ნიკოლა] სარკოზისთან, როგორც გარანტორთან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების, რომელიც თავზე გადაახია რუსეთმა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელს საერთაშორისო თანამეგობრობას,” – განაცხადა სააკაშვილმა.

”და პირველ რიგში ევროკავშირს,” – დაამატა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას.

”და რა თქმა უნდა ევროკავშირს,” – გაიმეორა სააკაშვილმა და განაგრძო: ”ამიტომ, მე მინდა ეს საკითხები დავაყენო და პრაქტიკულად, ის პროვოკაციები, რომელსაც ყოველდღე აწყობენ ისინი [რუსეთი], პირდაპირი გამოწვევაა და ამით ცდიან ისინი მათ [დასავლეთის] რეაქციებს”.

”ჩვენ გვინდა უფრო ხმამაღალი რეაქციები,” – განაცხადა მან. ”ჩვენ ვნახეთ დღეს ევროკავშირის განცხადება, რომელიც არ არის საკმარისი”.

მან ასევე გამოთქვა პრეტენზიები ბერლინის კედლის დანგრევის 20 წლისთავის აღნიშვნის ცერემონიაში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მონაწილეობასთან დაკავშირებით.  

”რას ნიშნავს – რუსეთის პრეზიდენტს იღებ ბერლინში და აღნიშნავთ ერთად, დიდი დემოკრატივით, ბერლინის კედლის დანგრევას და ამ დროს ერიხ ჰონეკერი [გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უკანასკნელი ლიდერი] ამის მეათედს არ აკეთებდა ბოლოს, რასაც ესენი [რუსეთი] აკეთებენ აქ; ჰონეკერი ბოლოს დაიჭირეს ევროპელებმა… ეს [მედვედევი] გვერდზე მოჰყავთ გაღიმებული; ასე არ გამოვა – ერთი ხელით იმათ ჩამოართვას ხელი [ევროპელებს] და მეორე ხელით ჩვენი ბავშვები საპატიმროში დაამწყვდიო”.

”ეს არის ისეთი რამ, რასაც სჭირდება რეაგირება – რეაგირება იმ ხალხისგან, ვინც მთელი ეს პერიოდი ვალდებული იყო და გარანტორი იყო ამ ხელშეკრულებების შესრულების,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს სურდა, რომ საქართველო მის ხაფანგში გაბმულიყო და ამავე დროს ცდიდა, ექნებოდა თუ არა დასავლეთს რეაქცია ამ პროვოკაციებზე.

”რუსები სხვის რეაქციებს ცდიან, რას გააკეთებენ სხვები რუსეთის პროვოკაციების საპასუხოდ. რა მოხდება შემდეგ დამოკიდებულია ამგვარ შემთხვევებზე. მე მექნება საუბარი ამერიკელებთან, საფრანგეთთან და სხვებთან ხვალ და მოდით ვნახოთ, როგორი იქნება მათი რეაქცია,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა თარგამაძეს და ვეფხვაძეს მოზარდების თემისადმი ყურადღების გამო.

”მე მოვისმინე თქვენი კრიტიკული გამონათქვამები მთავრობის მიმართ და შემიძლია დიდი ნაწილი გავიზიარო და მივიღო ეს კრიტიკა, რადგანაც საქმე ეხება ჩვენ ბავშვებს,” – განაცხადა სააკაშვილმა.

დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ უთხრა მას, რომ მთავარი პრობლემებია ადგილობრივი ხელისუფლების ”კომუნიკაციის ნაკლებობა” დაკავებულთა ნათესავებთან. ”კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ კრიზისული სიტუაციების მართვის დროს ადგილი აქვს ხარვეზებს და ამ მხრივ, სერიოზულად, სისტემური გადაწყვეტილებებია მისაღები,” – განაცხადა თარგამაძემ.

Back to top button