ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქართველი მოზარდების დაკავების გამო შეშფოთებულია

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (ესმი) ”ღრმა შეშფოთება” გამოხატა ოთხი ქართველი მოზარდის დაკავების გამო და მოუწოდა  სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას გამონახოს საერთო ენა საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან, რათა სწრაფად მოგვარდეს არსებული ვითარება.

გორის რაიონის სოფელ ტირძნისის მკვიდრი ოთხი ქართველი მოზარდი ცხინვალმა 4 ნოემბერს დააკავა. ოთხივე მათგანი კვლავ პატიმრობაში რჩება.

”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს მზადყოფნას დაეხმაროს დაკავებულებს ყველა შესაბამისი მეთოდით და ასევე დაჟინებით მოუწოდებს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას გამონახოს საერთო ენა საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან, რათა არსებული სიტუაცია  სწრაფად და დამაკმაყოფილებლად გადაწყდეს,” – განაცხადა სადამკვირვებლო მისიამ 8 ნოემბერს. 

”ბოლო დღეების განმავლობაში, ესმი ცხელი ხაზის მეშვეობით უკავშირდებოდა  ყველა მონაწილე მხარეს, კერძოდ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველას ახსენებს, რომ ბავშვთა უფლებების კონვენციის შესაბამისად მუდმივად უნდა იყოს უზრუნველყოფილი არასრულწლოვანი დაკავებულებისადმი სათანადო მოპყრობა. ამასთან, წინასწარი გამოძიებისას, დაკავებული ბავშვები არ უნდა იქნან მოთავსებულნი პენიტენციალურ დაწესებულებებში დამნაშავეებთან ერთად; მხოლოდ სოციალური სამსახურის დეპარტამენტი ან მისი ჩამანაცვლებელი სტრუქტურაა უფლებამოსილი დაკავებაში ამყოფოს არასრულწლოვანი მოქალაქეები; არასრულწლოვან მოქალაქეებს აქვთ სამართლებრივი დახმარების დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობის უფლება; აქვთ მშობლების ან სხვა ოჯახის წევრების მიერ მონახულების უფლება; ასევე, დე-ფაქტო ხელისუფლება ვალდებულია აცნობოს არასრულწლოვან დაკავებულთა მშობლებს ან მეურვეებს წაყენებული ბრალდება,”- ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button