ახალი ამბები

სააკაშვილი სკოლის დამამთავრებელი გამოცდების აღდგენის შესაძლებლობაზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რაღაც ფორმით, უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებელ გამოცდებთან ერთად, უნდა აღდგეს საშუალო სკოლის დამამთავრებელი გამოცდებიც.

”სკოლის დამთავრება ავტომატური არ უნდა იყოს და ჩაბარება უნივერსიტეტში უნდა იყოს უფრო რთული და უფრო დივერსიფიცირებული, ვიდრე არის დღეს,”- განაცხადა მან, ”მე ამაზე დღეს მინდა ვილაპარაკო იმიტომ რომ დღევანდელმა მეათე მეთერთმეტე კლასელმა უნდა იცოდეს, რომ შეიძლება ორ წელიწადში ჩაბარება და მოხვედრა [უმაღლეს სასწავლებელში] დამოკიდებული იყოს იმაზე როგორ სწავლობს ის მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასში”.

”მე მინდა ყველა წინასწარ გავაფრთხილო, რომ მერე არ იყოს არავისთვის მოულოდნელი,”- განაცხადა მან.

ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სკოლის დამამთავრებელ კლასებში მოსწავლეები სკოლაში აღარ დადიან, რადგან მხოლოდ იმ ოთხ საგანზე კეთდება კონცენტრირება, რომელიც უმაღლესებში ბარდება.

”ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე რამ, რაც ბოლო ხანებში გაუმჯობესებასთან ერთად ასევე გაუარესდა,”- განაცხადა მან.

Back to top button