skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციამ ევროპის საბჭოს წარმომადგენელთან ”პოლიტიკური პატიმრების” თემა დააყენა

ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს ოფიციალურ წარმომადგენელთან შეხვედრაზე მათ ოპოზიციის იმ აქტივისტების საქმეების შესწავლა ითხოვეს, რომლებიც, მათი თქმით, ხელისუფლებამ პოლიტიკური მოტივით დააპატიმრა.

ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი ჟან-ლუი ლორანი 7 ოქტომბერს თბილისში არასაპარლამენტო ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერს შეხვდა. მათ შორის იყვნენ კონსერვატორების ერთ-ერთ ლიდერი კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე და მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი ეკა ბესელია.

”რა თქმა უნდა, ჩვენ იმ პოლიტიკური პატიმრების საკითხი დავაყენეთ, რომლებიც აპრილში დაწყებულ საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობისთვის დააპატიმრეს,” – განაცხადა ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ ოპოზიციის ლიდერებმა სთხოვეს ევროპის საბჭოს წარმომადგენელს ამ საქმეების ”მონიტორინგი განახორციელოს”. 

”ჩვენ ევროპის საბჭოს წარმომადგენელს მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოში პოლიტიკური პატიმრების შესახებ და გადავეცით მას დოკუმენტები იმ ქმედებების შესახებ, რომელიც ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ განახორციელა,” – განაცხადა კახა კუკავამ.

”საქართველოში რომ პოლიტიკური პატიმრები არსებობენ, ეს ჯერჯერობით პირდაპირ აღიარებული არ არის ევროსტრუქტურების მიერ. ამიტომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, მოხდეს ინდივიდუალურად ყველა საქმის შესწავლა. თუკი ეს პროცესი დაიწყება, ევროსაბჭო აუცილებლად მიანიჭებს მათ პოლიტიკური პატიმრის სტატუსს,” – იტყობინება რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიურო კუკავას სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ჟან-ლუი ლორანი 6 ოქტომბერს ასევე შეხვდა ირაკლი ალასანიას პარტიის ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების წევრს, ვიქტორ დოლიძეს.

ალასანია იმ ოპოზიციურ პოლიტიკოსებს შორის იყო, ვინც 12 აგვისტოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდა და ოპოზიციის აქტივისტების გათავისუფლების საკითხი განიხილა. მას შემდეგ, ოპოზიციური პარტიების განცხადებით, მხოლოდ ოთხი აქტივისტი იქნა გათავისუფლებული წინასწარი პატიმრობიდან და მათ წინააღმდეგ ბრალდებები არ მოიხსნა.

”ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სიახლე არ ხდება,” – განუცხადა ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების წევრმა ზურაბ აბაშიძემ Civil.Ge-ს 7 ოქტომბერს და დასძინა, რომ პარტიამ შესაძლოა კიდევ ერთი შეხვედრა მოითხოვოს შსს-ს ხელმძღვალეობასთან ამ საკითხის ხელახლა წამოწევისთვის.

რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს ცნობით, 6 აგვისტოს ჟან-ლუი ლორანი ასევე შეხვდა საპარლამენტო უმცირესობის და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს გიორგი თარგამაძეს და სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button