
გაურკვევლობა ”ყველა მერის” პირდაპირ არჩევასთან დაკავშირებით
დედაქალაქის გარდა, საქართველოს სხვა თვითმმართველ ქალაქებში მერების პირდაპირი წესით არჩევის ინიციატივის ირგვლივ მმართველ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა – ნაწილი ამ იდეის წინააღმდეგია, ნაწილი აცხადებს, რომ იდეა გუნდის შიგნით ჯერ კიდევ იხილება და ნაწილიც ამბობს, რომ ასეთ ინიციატივას არ იცნობს და ის არც განიხილება.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 24 სექტემბერს თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ”გამოხატა მზადყოფნა მომავალ წელს ყველა მერის პირდაპირი წესით არჩევის თაობაზე”.
”პრეზიდენტმა შეიძლება მრავლობითში თქვა ეს ყველაფერი და პრეზიდენტის ბრძანება ნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართება. მე ხაზი გავუსვი თბილისთან დაკავშირებით – ეს განხილვას არ ექვემდებარება, მიუხედავად იმისა, რომ კანონში არ წერია, მაგრამ ჩაიწერება; სხვა რაიონებთან დაკავშირებით ჩემი აზრია, რომ არ ვემხრობი ამ განცხადებას,”- განუცხადა მიხეილ მაჭავარიანმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მმართველი პარტიიდან Civil.ge-ს 5 ოქტომბერს.
”ამასთან დაკავშირებით თუ გაიმართება ნაციონალური მოძრაობის შეხვედრა ან პოლიტიკური საბჭო, მე ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ,”- დასძინა მან.
მისი თქმით, ის მომხრეა თბილისის გარდა სხვა ქალაქებში მერები მოქმედი მოდელით, ისევ საკრებულოდან იქნენ არჩეული და არა პირდაპირი წესით, მიუხედავად იმისა, რომ ”ნაციონალურ მოძრაობას ყველა რესურსი აქვს, რომ მოიგოს ამ ქალაქებში პირდაპირი არჩევნები”.
მმართველ გუნდში შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ 2010 წლის მაისში თბილისის მერი პირდაპირი წესით იქნება არჩეული, უკვე მიღწეულია. დეპუტატების თქმით, ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და ის გადახედვას აღარ ექვემდებარება.
თუმცა აკაკი მინაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ინტერპარტიულ ჯგუფში, აცხადებს, რომ მმართველ გუნდში თავდაპირველად თბილისის მერის პირდაპირ არჩევნებზეც გაყოფილი იყო პოზიციები და ”ეს დასამალი არ არის”.
”რაც შეეხება სხვა მერების არჩევნებს, ამაზე საუბარი მიმდინარეობს ჯგუფის შიგნით და ვნახოთ,”- განუცხადა მან Civil.ge-ს.
პავლე კუბლაშვილმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის მიერ გაეროს ტრიბუნიდან გაჟღერებულ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა: ”მე ასეთ ინიციატივას არ ვიცნობ ყველა მერის არჩევასთან დაკავშირებით”.
”მე ვიცი ერთი რამ, რომ ქალაქ თბილისის მერი, დედაქალაქის მერი იქნება პირდაპირ არჩეული და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა მომზადდება,”- განუცხადა მან Civil.ge-ს 5 ოქტომბერს, ”ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკური განაცხადი, რომელიც გაკეთდა, შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას და ეს ამ ნაწილში არის საბოლოო”.
მან ასევე აღნიშნა, რომ დიდ ქალაქებში მერების პირდაპირ არჩევასთან დაკავშირებით ”ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის”.
”არ გვიმსჯელია ამაზე, გუნდის შიგნით ასეთი საკითხი არ განიხილება,” – აღნიშნა მან.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა საარჩევნო რეფორმის შესახებ თავიანთ ერთიან ხედვაში, რომელიც 21 სექტემბერს იქნა წარდგენილი საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფში, დედაქალაქთან ერთად მერების პირდაპირი არჩევა ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და რუსთავშიც მოითხოვეს. მოგვიანებით, ეს მოთხოვნა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა ქრისტიან-დემოკრატებიდან გიორგი თარგამაძემ პარლამენტის სხდომაზე 24 სექტემბერს გაიმეორა.
26 სექტემბერს ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ განუცხადა Civil.ge-ს, რომ პრეზიდენტის მიერ გაეროს ტრიბუნიდან გახმოვანებულმა ინიციატივამ მმართველ პარტიაში, მისი აზრით, ”დაბნეულობა” გამოიწვია.