ახალი ამბები

ზურაბიშვილი ომის ანგარიშის შემდგომ გზაზე საუბრობს

რადიო ”თავისუფლების” ვებ-გვერდზე 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში, ”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი შეხედულება ჩამოაყალიბა იმის თაობაზე, თუ რა გზას უნდა დაადგეს ქვეყანა ევროკავშირის დაფინანსებული მისიის მიერ აგვისტოს ომის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გაზაფხულის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტი პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს ”ცხინვალის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის” დაწყების გამო.

”თუ მომავალში ჩვენ მოგვინდება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან ურთიერთობების განახლება, ვინც არ უნდა შეცვალოს სააკაშვილი, მას მოუწევს მისი [სააკაშვილის] ქმედებების შედეგების მოგვარება. ჩვენ მოგვიწევს პატიების თხოვნა ცხინვალზე თავდასხმის გამო,” – აცხადებს ზურაბიშვილი.

”ჩვენ, ოპოზიციას – იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მომავალზე პასუხისმგებლობა დაგვეკისრება – მოგვიწევს იმ ფაქტის წინაშე დადგომა, რომ მართალია უფრო ნაკლები მასშტაბით, მაგრამ ჩვენც გვეკისრება პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ უფრო ეფექტიანად ვერ შევეწინააღმდეგეთ სააკაშვილის აგრესიულ რეტორიკას”.

მისი თქმით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მთლიანი ტერიტორიების დანარჩენ საქართველოში დაბრუნების საკითხი არ არის ის თემა, რომელიც ”რეალისტურად შეიძლება იქნას განხილული ამ ეტაპზე”.

”ეს უნდა იქნას განხილული და განიხილება კიდეც ოდესმე მომავალში, როგორც გლობალური, ევროპული უსაფრთხოების  ერთ-ერთი კომპონენტი. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაუბრუნდება საქართველოს კონტროლს ევროპას, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს  შორის დიდი გარიგების ფარგლებში,” – წერს ზურაბიშვილი.

თუმცა, მისი თქმით, ეს არ ეხება სეპარატისტული რეგიონების იმ ტერიტორიებს, რომლებიც აგვისტოს ომამდე საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა – ზემო კოდორის ხეობა და ახალგორის რაიონი, ასევე თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები ცხინვალის გარშემო. ზურაბიშვილის თქმით, უნდა გაგრძელდეს რუსეთისადმი მოთხოვნა რომ დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები და დაუბრუნდეს იმ პოზიციებს, რომელიც მას ომამდე ეკავა.

მისი თქმით, საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევასთან დაკავშირებით  რუსეთის წილი პასუხისმგებლობის აღიარებასთან ერთად, ”ჩვენ უნდა ვეძებოთ გზები, რათა დასრულდეს ეს კონფრონტაცია და დაიწყოს ახალი ურთიერთობა, რომელიც დაეფუძნება მწარე სიმართლეს, და არა დემაგოგიურ ტყუილებს ორივე მხრიდან”.

რაც შეეხება საქათველოს დასავლელ პარტნიორებს, ზურაბიშვილის წერს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს მკაფიოდ უნდა მოეთხოვოს დემოკრატიის გზაზე რეალური პროგრესის მიღწევა. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა ”ფინანსური დახმარების მიღებისთვის [საქართველოს ხელისუფლებას] მკაცრი წინაპირობები უნდა წაუყენონ”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button