
კოკოითი ტალიავინის კომისიის დასკვნის შესახებ
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ შარშანდელ აგვისტოს ომზე გამოქვეყნებული საერთაშორისო დასკვნა ”პრინციპულია”.
”ეს ძალიან დაგვიანებული შეფასებაა,”- იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტრო 1 ოქტომბერს კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით, ”მეორეს მხრივ, კომისიის წევრები ძალიან პრინციპულად მიუდგნენ რიგ საკითხებს და როგორც იქნა გაარკვიეს, რომ ომი საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყო და ისაა უშუალო დამნაშავე გასული წლის აგვისტოს მოვლენებში”.
თუმცა კოკოითი აქვე აცხადებს, რომ ევროპის ”ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა” ისევ გრძელდება.
”ევროპულმა ორგანიზაციებმა აუცილებელია, რომ დასკვნები გამოიტანონ, რადგანაც მათმა უმოქმედობამ შეუწყო ხელი აგრესიის დაწყებას. მათმა ჩუმმა თანხმობამ და დანაშაულებრივმა მონაწილეობამ საქართველოს შეიარაღების საქმეში უბიძგა საქართველოს ხელისუფლებას ომისკენ. ამიტომ მცდელობა გადატანილ იქნას პასუხისმგებლობა რუსეთზე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე არ გავა,”- განაცხადა კოკოითმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მისამართით დღეს ისმის ”ბრალდებები”, რომ ”თითქოს ჩვენ არ ვუშვებთ ჩვენს ტერიტორიაზე ევროკავშირის დამკვირვებლებს” და დასძინა, რომ ცხინვალი ”ღიაა თანაბარუფლებიანი და კონსტრუქციული დიალოგისთვის ევროკავშირთან, ეუთოსთან, გაეროსთან და სხვა სტრუქტურებთან”.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ ამოქმედდა, მხოლოდ ადმინისტრაციული საზღვრების ქართულ მხარეს აქვს მონიტორინგის საშუალება, რადგან მის დამკვირვებლებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უშვებენ.