ახალი ამბები

ლავროვი სოხუმს ეწვევა

2-3 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოხუმს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს სეპარატისტ ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.

ლავროვი ასევე შეხვდება აფხაზეთში დისლოცირებული რუსი მესაზღვრეებისა და რუსული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობას. 

ეს ლავროვის მეორე ვიზიტი იქნება სეპარატისტულ რეგიონში მას შემდეგ, რაც რუსეთმა შარშან აგვისტოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

”როგორც ცნობილია აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთისა და ნიკარაგუას გარდა, აღიარა ვენესუელამაც,”- განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ 29 სექტემბერს, ”ამიერკავკასიაში ახალი სამხედრო-პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობის აღიარების გარეშე შეუძლებელია საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოვება კონკრეტული ზომების მისაღებად ქართულ-აფხაზური საზღვრის მიდამოებში უსაფრთხოების განმტკიცებისა და ნდობის აღდგენის კუთხით”.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებში აფხაზეთის დახმარებასთან ერთად ასევე დაგეგმილია საერთაშორისო საკითხებში თანამშრომლობის, ჟენევის დისკუსიების და ამ ფორმატში შექმნილი ინციდენტების პრევენციის მექანიზმების საკითხებზე მსჯელობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button