skip to content
ახალი ამბები

რუსული მხარის მტკიცებით, აგვისტოს ომში ქართულ მხარეს უკრაინელებიც იბრძოდნენ

რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, აგვისტოს ომში ქართულ მხარეს უკრაინელი სამხედროებიც იბრძოდნენ.

24 აგვისტოს ”ინტერფაქსი” რუსეთის პროკურატურის ოფიციალურ წარმომადგენელზე ვლადიმირ მარკინზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საომარ მოქმედებებში ”მონაწილეობდნენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო შენაერთების ჯარისკაცები და ასევე არანაკლებ 200 წევრი უნა-უნსოდან (უკრაინის ნაციონალური ასამბლეა- უკრაინის ნაციონალური თავდაცვა), მათ შორის გვარებით: შაპოვალი, კუჩერენკო, შევჩენკო, მატვსიუკი, ჟელტოკონი”.

თუმცა უნა-უნსოს წარმომადგენელმა განუცხადა ”ინტერფაქსს”, რომ ”სამწუხაროდ” ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები არ იღებდნენ მონაწილეობას ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.

რუსეთის პროკურატურის ამ განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიმართვა მისი უკრაინელი კოლეგისადმი, სადაც ის 11 აგვისტოს წერდა: ”ნეგატიური საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია უკრაინის ანტირუსულმა პოზიციამ სამხრეთ ოსეთზე სააკაშვილის რეჟიმის ბარბაროსულ თავდასხმასთან დაკავშირებით. იმ ტრაგიკული მოვლენებიდან ერთი წლის თავზე კვლავ მწვავედ დგას საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ მშვიდობიან მოსახლეობას და რუს მშვიდობისმყოფელებს ცხინვალში კლავდნენ უკრაინული იარაღით. ისინი კიევში, ვინც აწვდიდნენ იარაღს ქართულ არმიას და სხვათა შორის, არც ახლა აპირებენ ამის შეწყვეტას, სრულიად იზიარებენ თბილისთან ერთად პასუხისმგებლობას ჩადენილ დანაშაულებებზე”.

შარშან ნოემბერში რუსეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ აგვისტოს ომში უკრაინელების გარდა ქართულ მხარეს ასევე იბრძოდნენ ამერიკელი, ჩეხი, თურქი, ჩეჩენი დაქირავებული მებრძოლები და ასევე ბალტიისპირეთის სახელმწიფოების რამდენიმე მოქალაქე. თუმცა მაშინ ქართულმა მხარემ ეს განცხადება უარყო, როგორც ”აბსურდული”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button