ახალი ამბები

მოსკოვი თბილისისგან სეპარატისტულ რეგიონებთან ცეცხლის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერას ითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 6 აგვისტოს, რომ ”სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალზე მუხანათური და არაადამიანური თავდასხმიდან” ერთი წლის შემდეგ საქართველოს ”შურისძიების პოლიტიკა” კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და საფრთხედ.

საკმაოდ გრძელ განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყება კვლავ ამართლებს მოსკოვის მიერ სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და ამ რეგიონებში ძალების განთავსებას შარშანდელი აგვისტოს ”ქართული აგრესიის” გამეორებისგან მათი დაცვის საჭიროებით.

განცხადებაში მან მოუწოდა თბილისს ხელი მოაწეროს ცეცხლის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებებს ”აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მეზობელ სახელმწიფოებთან”.

”მხოლოდ ამ გზით შეძლებს თბილისი აღადგინოს თავისი მეზობელი სახელმწიფოების და საერთაშოსო თანამეგობრობის მინიმალური ნდობა,” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

საქართველომ რამოდენიმეჯერ განაცხადა, რომ ამგვარი შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის იმ პირობით, თუ ეს შეთანხმება ასევე გაითვალისწინებს საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის ”დეოკუპაციას”.

იმავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აგვისტოს ომის წლისთავის მოახლოებასთან ერთად რუსეთმა ”განსაკუთრებით გააძლიერა საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ”.

”ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული პროპაგანდა, რომელიც ფაქტების დამახინჯების, დემაგოგიის და პირდაპირი ტყუილის ნაზავს წარმოადგენს, მიზნად ისახავს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე გაამართლოს რუსეთის აგრესიული და ყოვლად უკანონო ქმედებები და მოახდინოს ქართული მხარის  დისკრედიტაცია,” – განაცხადა საგარეო უწყებამ 5 აგვისტოს.

”რუსეთის პროვოკაციული განცხადებები იმაზეც მეტყველებს, თუ რამდენად გაღიზიანებულია რუსეთი საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული მხარდაჭერით საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ,” – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button