ახალი ამბები

პარლამენტის რეგლამენტმა შესაძლო კანონის ძალა დაკარგოს

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტმა შესაძლოა კანონის ძალა დაკარგოს და ჩვეულებრივი ნორმატიული აქტი გახდეს, თუ საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა შესაბამის პაკეტს.

ცვლილებების ინიციატორები არიან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი, მისი მოადგილე მურთაზ ზოდელავა და დეპუტატი მმართველი პარტიიდან კახა ანჯაფარიძე – სამივე დეპუტატი ასევე ავტორია საკანონმდებლო ცვლილებებისა მიტინგების წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, რეგლამენტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის წესს განსაზღვრავს, აღარ იქნება კანონის ძალის მქონე აქტი და შესაბამისად, მოხდება მისი ამოღება კანონთა იერარქიის ჩამონათვალიდან, ნორმატიული აქტების შესახებ კანონში შემუშავებული ცვლილებების თანახმად.

თუმცა ამ ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ უმრავლესობაში ერთიანი პოზიცია შეჯერებული არ არის.  

”არსებობს განსხვავებული პოზიციები და მე გახლავართ ამ ცვლილებების კატეგორიული წინააღმდეგი”,  – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ხათუნა გოგორიშვილმა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა გააკრიტიკა ინიციატივა ”პარლამენტის დასამარების” მცდელობის გამო.

კანონის ძალა პარლამენტის რეგლამენტს 2004 წლის თებერვალში მიენიჭა და ეს იმ უფლებების ჩამორთმევის კომპენსაციის მცდელობა იყო, რაც მაშინ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით საკანონმდებლო ხელისუფლებამ პრეზიდენტის მმართველობის გაძლიერების ფონზე განიცადა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ცვლილებების წარმოდგენა უკავშირდება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის,  მოძრაობა დემოკრატიული საქართველოს ლიდერისთვის ნინო ბურჯანაძისთვის სამთავრობო დაცვის მოხსნასთან დაკავშირებულ დავას.

ექს-სპიკერს სახელმწიფო დაცვა პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე რამდენიმე თვის წინ მოეხსნა. ბურჯანაძემ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, როგორც ”უკანონო”, რადგან პარლამენტის რეგლამენტი ამბობს: ”პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით ემსახურება სამსახურეობრივი მანქანა და უზრუნვეყოფილია სახელმწიფო დაცვით” და ეს ”ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან”. პარლამენტის რეგლამენტი, როგორც კანონის ძალის მქონე აქტი, იერარქიით უფრო მაღლა დგას, ვიდრე პრეზიდენტის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი.

რეგლამენტში წარმოდგენილი ცვლილებები ასევე ეხება საბიუჯეტო ცვლილებების განხილვის; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების და კანონპროექტების დაჩქარებული (1 კვირაში ან უფრო მცირე ვადაში) და გამარტივებული (ერთი მოსმენით,  ნაცვლად სამისა) მიღების წესებს.  

ამ ინიციატივის მიხედვით, საბიუჯეტო ცვლილებების პარლამენტის მიერ დაუმტკიცებლობა ვერ გახდება პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტის ან მთავრობის დათხოვნის საფუძველი. ამისთვის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის არ მიღება.

Back to top button