
მთავრობა აგვისტოს ომზე საკუთარ დასკვნას მოამზადებს
საქართველოს მთავრობა ამზადებს რუსეთ-საქართველოს შორის აგვისტოს ომთან დაკავშირებით დასკვნას, განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა, სადაც, მისი თქმით, აისახება ”არსებული კონფლიქტის ჩვენეული ხედვა”.
”ეს [ანგარიში] არა მარტო საქართველო ხელისუფლების პოზიციაა, არამედ დოკუმენტში ძალიან ბევრი დანართია, დოკუმენტალური დანართები, რომლებზეც ჩვენ გავაკეთეთ დასკვნები და მე ვფიქრობ, საინტერესო იქნება ძალიან ბევრი ხალხისთვის ამ კონფლიქტის, საერთოდ საქართველო-რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის ჩვენეული ხედვა,”- განაცხადა მან.
ომზე სამთავრობო დასკვნის მზადების შესახებ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დიპლომატები შეთანხმდნენ აგვისტოს ომის შესახებ საგამოძიებო კომისიის დასკვნის, რომელიც 31 ივლისს უნდა ყოფილიყო მზად, გამოქვეყნება ორი თვით გადაედოთ. საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარემ ჰეიდი ტალიავინმა დასკვნის გადადება ახალი მასალების გაჩენის მოტივით ითხოვა, თუმცა ამ წინადადებას ჯერ ევროკავშირის მინისტრებმა უნდა დაუჭირონ მხარი, იტყობინებოდა EUobserver.com 4 ივლისს.
3 ივლისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ტალიავინის კომისია ”მინდა გარანტია მოგცეთ, რომ იტყვის, რომ ჩვენ ვიყავით მართლები”.
ამასთან, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე განახორციელა ომთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა ”რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის” ფარგლებში. კომისია სექტემბრის ბოლოს შეიქმნა და სამთვიანი მუშაობის შედეგად, რომლის დროსაც ასევე დაიკითხნენ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, დასკვნა დეკემბრის ბოლოს გამოაქვეყნა.