ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილს შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა შესაძლოა არ მისცენ

დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან განაცხადეს 16 ივნისს, რომ ოპოზიციური პოლიტიკოსი სალომე ზურაბიშვილი ვერ დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის პარალელურად.

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა 15 ივნისს, რომ იგი მიიღებს პრეზიდენტ სააკაშვილის შემოთავაზებას და დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას სურს ამ ”გამოწვევის” მიღება, რათა სამინისტროს მუშაობა შიგნიდან გააკონტროლოს და გამოიძიოს ოპოზიციის აქტივისტებზე და მხარდამჭერებზე  თავდასხმების ათობით შემთხვევა.

პრეზიდენტ სააკაშვილის დაუყონებლივი პასუხი ზურაბიშვილის განცხადებაზე ის იყო, რომ იგი არ არის მისი ამ პოსტზე დანიშვნის წინააღმდეგი.

ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა მოგვიანებით 15 ივნისს, რომ მისი გადაწყვეტილება ეს თანამდებობა დაიკავოს არ ნიშნავს, რომ ის წყვეტს პროტესტს ან პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას.

”როგორც ჩანს, მას არასწორად ესმის შეთავაზების შინაარსი,” – განაცხადა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა 16 ივნისს. ”შეთავაზება, რომ დაიკავონ თანამდებობა ამა თუ იმ სამინისტროში ნიშნავს, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ამ სამინისტროს გამართულ მუშაობაზე. თუ ქალბატონ სალომეს წარმოუდგენია, რომ ის დღისით უნდა იყოს სამინისტროს შენობაში, ხოლო საღამოს მიტინგზე გამარჯვებული ხმით უნდა განაცხადოს, რომ მთელი სამინისტრო არის მიტინგის გვერდით და გამოიყენოს ეს საშუალება მეტი დაძაბულობისთვის – ბუნებრივია, ამის შანსს არავის არ მივცემთ”.

”თუ მათ [ოპოზიციურ პოლიტიკოსებს] მართლა სურთ, რომ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მართვაში და პასუხისმგებლობა აიღონ როლიმე სამინისტროს ქმედებებზე, ამის საშუალება ექნებათ, მაგრამ ამის გამოყენება სიტუაციის დაძაბვისთვის უპასუხისმგებლობის მეტი არაფერია,”- აღნიშნა მან.

დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ ოპოზიციამ პრეზიდენტის შემოთავაზება ”კონტექსტიდან ამოგლეჯილად” არ უნდა განიხილოს. მისი თქმით, შემოთავაზება უნდა იყოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უფრო ფართო შეთანხმების ნაწილი.

”ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ჩვენი შეთავაზება დარჩება ძალაში, მაგრამ ეს დანიშვნა განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მომავალ დღეებში ჩამოვაყალიბებთ გარკვეული თანამშრომლობის რეჟიმს ოპოზიციის რადიკალურ ფლანგთან. რა თქმა უნდა, ეს ვერ განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ეს აგრესიული ტიპის აქციები, ეს კონფრონტაციული რიტორიკა და საზოგადოების გახლეჩის ტაქტიკა შენარჩუნდა,” – დასძინა გაბაშვილმა.    
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button