ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი მზადაა ვანო მერაბიშვილის პირველი მოადგილე გახდეს

საქართველო გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა მიიღოს პრეზიდენტ სააკაშვილის შეთავაზება და ხვალიდან შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავოს.

”მე მივალ დავჯდები შიგნით იმ კრიმინალების ბუდეში,”- განაცხადა მან ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემაში ”დღის ქრონიკა”, ”მე ვიღებ ამ გამოწვევას, ხვალ დილით ვიქნები 9 საათზე და ვნახოთ რას გავაკეთებ, ოღონდ სრულუფლებიანად და ეს არ იყოს კიდევ ერთი პიარ-აქცია. მე მინდა იქ სრული უფლება პირველი მოადგილის, რომ გამოძიებები დავიწყო და დავიწყებ ხვალ დილიდან”.

მისი თქმით, შსს-ში მიმდინარე გამოძიებებზე ანგარიშს ”პირველ რიგში” მომიტინგეებს ჩააბარებს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე.

”მე შევალ სამმართველოში, სადაც მე არ ვიცი ჩვენი ახალგაზრდები რა დღეში არიან და მე გამოვიყვან იმ ახალგაზრდებს და მე მოვითხოვ, რომ ყველა ის [ვიდეო და ფოტო] კამერები გამოტანილი იყოს, რომელიც დაამსხვრიეს იქ,”- განაცხადა მან დღეს პოლიციის სამმართველოსთან მომხდარ შეტაკებაზე საუბრისას.

მან ასევე განაცხადა: ”მე მოვითხოვ რომ ახლავე ამოქმედდეს ”კავკასია” და ”მაესტრო”, ჩვენ უნდა ვიყოთ დაცული ამ ქვეყანაში”. ორივე არხმა მაუწყებლობა მათ ჟურნალისტებზე დღეს პოლიციის სამმართველოსთან განხორციელებული თავდასხმის გამო პროტესტის ნიშნად შეწყვიტა.

”ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ არჩევნებით მიგვეღწია იმას, რასაც მივაღწევთ. მე არ მინდა, რომ ეს ქვეყანა დაინგრეს და რუსეთის სათამაშო გახდეს, რაც სურს სააკაშვილს, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ და ამას მე არ დავუშვებ,”- განაცხადა ზურაბიშვილმა, ”ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და ჩვენ მივიღებთ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button