
ლომაია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტზე საუბრობს
გაეროში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა, რომ გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ მომზადებული უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებს აფხაზეთში გაეროს დამკვირვებელთა მონიტორინგის ფუნქციების გაძლიერებას.
მან ”როიტერთან” ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ რეზოლუციის ამ პროექტს რუსეთი მხარს არ უჭერს და სურს, რომ ის არ შეიცავდეს არანაირ ისეთ ფორმულირებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე გააკეთებს მინიშნებას.
”ეს რეზოლუცია, მიღების შემთხვევაში, საბოლოო ჯამში დაეხმარება გაეროს ძლიერი მისიის ჩამოყალიბებაში, ისეთის, რომელიც, პირველ რიგში, მონიტორინგს გაუწევს რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას,” – განაცხადა ლომაიამ.
”რეზოლუცია ითვალისწინებს მისიის საპოლიციო შესაძლებლობების მნიშვნელოვან ზრდას და გაეროს საპოლიციო კომპონენტის რაოდენობრივ ზრდას, რათა მათ შეძლონ ადგილზე ადამიანის უფლებათა საკითხზე მუშაობა,” – განაცხადა ლომაიამ.
გაეროს პოლიციური კომპონენტი არის ამჟამინდელი გაეროს სადამკვირვებლო მისიის შემადგენელი ნაწილი, რომლის ერთ-ერთ მთავარ ამოცანა გალის რაიონში აფხაზ და ზუგდიდის რაიონში ქართველ სამართალდამცავებთან მუშაობა და ტრეინინგების ჩატარებაა. ამ საპოლიციო კომპონენტს სამართალდამცავი ფუნქციები არ გააჩნია და უფრო საკონსულტაციო დანიშნულება აქვს.
იგივე ინტერვიუში ლომაია აცხადებს რომ რეზოლუციის მიღების შემთხვევაში, ის ”ხელსაყრელ გარემოს” შექმნის იმისათვის, რომ დევნილთა ნაწილს აფხაზეთში დაბრუნების საშუალება მიეცეს და მათი უფლებების დაცული იყოს
მისი თქმით, იქიდან გამომდინარე რომ რუსეთს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს, კომპრომისი იქნება საჭირო და თბილისი თავის მხრივ მზად არის მოქნილი პოზიცია დაიკავოს. საქართველომ არაერთხელ განაცხადა, რომ მომხრეა აფხაზეთში გაეროს დამკვირვებელთა შენარჩუნების, მაგრამ არა ყველაფრის ფასად. თბილისისთვის ”წითელი ხაზი” გადის ტერიტორიულ მთლიანობაზე და ქართველი ოფიციალური პირების განცხადებით ისინი არ დათანხმდებიან ორ დამოუკიდებელ მისიას – სოხუმსა და თბილისში.
ლომაიამ იმედი გამოთქვა, რომ ”რუსეთიც მზადაა იყოს მოქნილი,” თუმცა იქვე დასძინა, რომ ”ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი.”
გაეროს უშიშროების საბჭო 12 ივნისს შეიკრიბება საქართველოს საკითხის განსახილველად, ხოლო რეზოლუციას 15 ივნისს მიიღებს. სწორედ ამ დღეს ეწურება ოთხთვიანი მანდატი გაეროს სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს და ასევე ზემო კოდორის ხეობაში არსებული სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებს.