ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრი ეკონომიკის ”საგანგაშო” შემცირებას საპროტესტო აქციებს აბრალებს

ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა 8 ივნისს ”ბლუმბერგისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეკონომიკის შემცირების ”საგანგაშო” ტემპი მიმდინარე საპროტესტო აქციების ბრალია.

”მე პირდაპირ ვადანაშაულებ ქუჩის პოლიტიკას,” – განაცხადა მან, ”ამან გავლენა იქონია ჩვენს გეგმებზე, ისევე როგორც ინვესტორთა ნდობაზე.”

”ჩვენ ველოდით [ეკონომიკის] უარყოფით ზრდას პირველ კვარტალში” მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, ”მაგრამ საგანგაშო სიგნალი მოვიდა მეორე კვარტალში რაც უკავშირდება ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე პროცესებს,” – დასძინა მან.

იმავე ინტერვიუში ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტი ვერ ახერხებს მიიღოს საბიუჯეტო ცვლილებები, რომლითაც ხარჯვითი ნაწილი უნდა გაიზარდოს, რადგან მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო დეპუტატები ვერ იკრიბებიან პარლამენტში.

6 ივნისს მთავრობამ განაცხადა, რომ საბიუჯეტო ხარჯების 312 მლნ ლარით ზრდა იგეგმება არასაგადასახადო შემოსავლების ხარჯზე, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი გაირღვა დაგეგმილი საგადასახადო შემოსავლების მობილიზების კუთხით.

Back to top button