
ექსპერტთა კლუბი პარლამენტარებს მანდატებზე უარის თქმას ურჩევს
ექსპერტთა კლუბი 8 ივნისს გავრცელებულ მიმართვაში მოუწოდებს ყველა პარლამენტარს საკუთარი ნებით უარი თქვას მანდატზე და ამით ხელი შეუწყოს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტავს, რადგან ”გამარტივდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა”.
ამასთან ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ერთადერთი ლეგიტიმური ნაბიჯია ”პარლამენტის თვითდათხოვნის პროცედურის არარსებობით გამოწვეული საკანონმდებლო ვაკუუმის გათვალისწინებით”, რითაც დაინახავს მსოფლიო, რომ ”ჩვენ საზოგადოებას ძალუძს რთული კრიზისების მართვა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია უამრავი გამოწვევების მქონე ქვეყნისათვის”.
ექსპერტები ასევე შეახსენებენ დეპუტატებს ანუ ”დასაქმებულებს”, რომ მათი ”დამსაქმებელია” საქართველოს მოსახლეობა, რომელიც უზრუნველყოფს ”შესაბამისი ოფისით (რუსთაველის გამზირი #8), ტრანსპორტით, მიმდინარე და სამივლინებო ხარჯების დაფინანსებით, ხელფასით, სამუდამო პენსიით”.
”“დასაქმებულებმა”, სამწუხაროდ ამა წლის აპრილიდან ხელი აიღეთ საჯარო საკანონმდებლო საქმიანობაზე და სამსახურში გამოცხადებაზეც, რომლის გარშემოც უკვე მესამე თვეა, დღე და ღამე გელოდებათ “დამსაქმებელი”, რათა მოგთხოვოთ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ან გააუქმოს თქვენთან დადებული ხელშეკრულება,”- ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერს ექსპერტთა კლუბის 12 წევრი: ლაშა ტუღუში, გია ხუხაშვილი, ზურაბ აბაშიძე, არჩილ გეგეშიძე, ვლადიმერ პაპავა, რამაზ საყვარელიძე, ირაკლი სესიაშვილი, შალვა ფიჩხაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, თამარ ჩიქოვანი, სოსო ცისკარიშვილი, გოგი ხუციშვილი.
საქართველოს პარლამენტი 9 აპრილის აქციები დაწყებიდან უჩვეულო რეჟიმში მუშაობს და მიუხედავად იმისა, რომ გასვლით სხდომებზე იკრიბება ბიუროსა და საკომიტეტო სხდომების ფორმატებში, უკვე მეოთხე სასესიო კვირაა არ შეკრებილა პლენარული სხდომის ფორმატში და შესაბამისად ვერ მიიღება საკანონმდებლო გადაწყვეტილებები. დეპუტატებმა პარლამენტის შენობაში შესვლაზე უარი იმ მოტივით განაცხადეს, რომ ისინი ერიდებიან შესაძლო პროვოკაციებს მომიტინგეებთან უშუალო კონტაქტის შემთხვევაში. შესაბამისად, პარლამენტის შენობა 9 აპრილის შემდეგ დაკეტილია როგორ დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლებისათვის, ისე რიგითი ჟურნალისტებისთვის და მოქალაქეებისთვის. შენობას უკვე მესამე თვე დაიწყო, რაც პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა იცავს.
კანონის ძალის მქონე პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ”პარლამენტის ადგილსამყოფელის დროებით შეცლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს”. ამასთან, კვირამონაცვლეობით პარლამენტის სესიის ერთი კვირა ეთმობა კომიტეტების მუშაობას და მეორე – პლენარულ სხდომებს. რეგლამენტის 128 მუხლის მე-4 პუნქტი ამბობს: ”საჭიროების შემთხვევაში, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, პარლამენტს ცვლილება შეაქვს თავისი მუშაობის განრიგში”. მსგავსი გადაწყვეტილება პარლამენტის საქმიანობის არაორდინალურ რეჟიმში გადასვლამდე არ ყოფილა მიღებული.