ახალი ამბები

საქართველო რუსეთს გაეროს დაშანტაჟებაში ადანაშაულებს

საქართველოს ელჩმა გაეროში ალექსანდრე ლომაიამ რუსეთი გაეროს სამდივნოს დაშანტაჟებაში დაადანაშაულა, ხოლო ეს უკანასკნელი ამ შანტაჟზე დამორჩილების გამო გააკრიტიკა.

გაეროს შტაბბინაში პრესკონფერენციაზე საუბრისას ქართველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა მისი ბოლო მოხსენება აფხაზეთის შესახებ რუსეთის ზეწოლის შედეგად.

”ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ ფაქტის გამო, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი გამოყენებულ იქნა რუსეთის მიერ მოხსენების როგორც სათაურის, ისე შინაარსის მანიპულირებისთვის,” – განაცხადა ლომაიამ, ”ძალიან სამწუხარო და აღმაშფოთებელია, რომ [გაეროს] სამდივნო დაემორჩილა ამ შანტაჟს”.

მას მხედველობაში ჰქონდა რუსეთის მიერ 18 მაისს ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის პირველი დღის მოლაპარაკებების დემარში, რამოდენიმე საათით ადრე, სანამ გენერალური მდივანი აფხაზეთის შესახებ მოხსენებას გამოაქვეყნებდა. თავდაპირველად მოხსენების გამოქვეყნება 15 მაისს იგეგმებოდა, თუმცა ის გადაიდო, როგორც ლომაიამ განაცხადა ”გაურკვეველი” მიზეზების გამო.

ლომაიამ ასევე განაცხადა სამდივნოდან ”სარწმუნო წყაროზე” დაყრდნობით, რომ გენერალური მდივნის მიერ თავდაპირველად წარდგენილი პროექტი ”რადიკალურად განსხვავდებოდა” საბოლოო ვარიანტიდან.

”რუსები დაიმუქრნენ, რომ ვეტოს დაადებდნენ ივნისის რეზოლუციას [გაეროს მისიის გაგრძელებაზე], თუ გენერალური მდივნის მოხსენების სათაური არ იქნებოდა ისეთი, როგორიც მათ უნდოდათ. ეს ცნობა მე ძალიან სარწმუნო წყარომ მაცნობა,” – განაცხადა ლომაიამ.

მან ასევე დასძინა, რომ მას გააჩნია საბაბი ივარაუდოს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტმა გაეროში 11 მაისს ასევე შეასრულა გარკვეული როლი ”რუსების მხრიდან სამდივნოზე ზეწოლაში”.

გაეროს გენერალური მდივნის მოხსენების სათაურია ”გენერალური მდივნის მოხსენება უშიშროების საბჭოსადმი 1808 (2008), 1839 (2008) და 1866 (2009) რეზოლუციების შესაბამისად”. მასში გამოტოვებულია ტრადიციული ფრაზა – ”აფხაზეთი, საქართველო”, რომელიც წინა მოხსენებებში იყო გამოყენებული, რამაც თავიდან ააცილა სეპარატისტული რეგიონის სტატუსის მითითება. მოსკოვი და სოხუმი დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ გაერო ვეღარ გამოიყენებდა ფორმულირებას ”აფხაზეთი, საქართველო” მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის ორმა წევრმა – რუსეთმა და ნიკარაგუამ – აღიარეს სეპარატისტული აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

”სამწუხაროდ, მოხსენება აშკარად წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს გენერალური მდივნის წინა მოხსენებებიდან,” – განაცხადა ლომაიამ და დასძინა, რომ დოკუმენტი შეიცავს ”უამრავ ნეგატიურ მოვლენას რამოდენიმე პოზიტიურ ელემენტთან ერთად”.

ლომაიამ ასევე განაცხადა, რომ მოხსენება არ ქმნის შესაძლებლობა ისეთი მისიის შესაქმნელად, რომელიც შეძლებს ”ადექვატურად მოაგვარის ადგილზე არსებული გამოწვევები”.

მისი თქმით, გენერალური მდივნის ბოლო მოხსენებაში წარმოდგენილ წინადადებებზე დაფუძნებული გაეროს მისია ”არ შეუწყობს ხელს მშვიდობის და წესრიგის დამყარებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე”.

ქართველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ გაეროს მისიას უნდა გააჩნდეს ”ძლიერი საპოლიციო და სამართალდამცავი შესაძლებლობები და მას უნდა შეეძლოს მართლწესრიგის დამყარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე”.

კითხვაზე, თუ რას სურს აისახოს საქართველოს დოკუმენტში, ლომაიამ უპასუხა, რომ მოხსენებაში არ არის ხაზგასმული მთავარი რამ.

”მოხსენებამ ვერ აღნიშნა – და ეს არის ფუნდამენტური ხარვეზი – რომ ათასობით და ათასობით რუსული საოკუპაციო ძალა, მძიმე არტილერია, ტანკები განთავსდა ქვეყანაში ფუნდამენტური [საერთაშორისო] ნორმების დარღვევით,” – განაცხადა მან. ”დოკუმენტმა ვერ აღნიშნა მთავარი ადამიანის უფლებათა დარღვევები, რასაც აფხაზეთის სხვადასხვა ნაწილებში აქვს ადგილი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია… ზემო აფხაზეთიდან ქართველების ეთნიკური წმენდა”.

მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად დოკუმენტის ”არმოწონებისა” საქართველოს მხრიდან, თბილისი მზად არის ”კონსტრუქციულად ჩაერთოს” დისკუსიებში ქვეყანაში გაეროს სადამკვირვებლო მისის შემდგომი დარჩენის შესახებ.

კონსულტაციები გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს შორის გენერალური მდივნის მოხსენებაზე 27 მაისს გაიმართა.

რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ, რომ მათ ”ჰქონათ კარგი და საქმიანი დისკუსია” და რომ გენერალური მდივნის მიერ მოხსნებაში წარმოდგენილი რეკომენდაციები წარმოადგენს ”კარგ საფუძველს” უშიშროების საბჭოს მომდევნო რეზოლუციაზე შემდგომი დისკუსიებისთვის ივნისის შუა რიცხვებში. 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button